თავში

ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება შემცირდა

ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება შემცირდა

2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 116.9 მლნ ლარით შემცირდა და მთლიანი მოცულობა 37.6 მლრდ ლარს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის თვის განახლებულ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, საკრედიტო პორტფელზე კლების მიმართულებით გავლენა მოახდინა, როგორც ეროვნული, ასევე, უცხოური ვალუტით დაკრედიტების შემცირებამ. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 19.3 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი, სესხების წლიური ზრდა 9.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის 89.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 89.5 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 40.9 პროცენტს შეადგენდა.

სებ-ის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 117.6 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) შემცირდა და 16.62 მლრდ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად იურიდიული პირების მოკლევადიანი დაკრედიტების შემცირებით იყო განპირობებული. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 39.2 მლნ აშშ დოლარით (0.6 პროცენტით) შემცირდა, წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.53 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 61.5 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 89.5 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 75.1 მლნ ლარით (0.6 პროცენტით) გაიზარდა და 13.4 მლრდ ლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის დეპოზიტები ზრდის მიმართულებით მოქმედებდა (გაიზარდა 431.2 მლნ ლარით). ხოლო იურიდიული და ფიზიკური პირის დეპოზიტები შესაბამისად 227.1 და 129.0 მლნ ლარით შემცირდა. კომერციულ ბანკებში, უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.1 პროცენტიანი (2.7 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს, 6.51 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის განმარტებით, აღნიშნული მატება ძირითადად, ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების მოცულობის ზრდით არის განპირობებული. 

რაც შეეხება დეპოზიტებს, სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2021 წლის იანვარში 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 61.6 პროცენტს შეადგენს. საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 53.7 და 77.0 პროცენტს შეადგენდა. მიმდინარე წლის იანვარში, საშუალო საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და შეადგინა 6.5 პროცენტი. ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე, ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 8.2 პროცენტის ნიშნულზეა. იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე, საპროცენტო განაკვეთმა, წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მოიკლო და 8.1 პროცენტს შეადგინა. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 9.3 პროცენტის ნიშნულზეა. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი 1.9 პროცენტის დონეზეა. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები უცვლელია და 2.6 პროცენტს უტოლდება. ასევე, უცვლელია განაკვეთები უცხოური ვალუტით ფიზიკური პირების დეპოზიტებზე და 1.9 პროცენტის ნიშნულზეა. 2020 წლის იანვარში, არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 1.2 პროცენტული პუნქტით 8.2 პროცენტამდე შემცირდა. კლება დაფიქსირდა უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების განაკვეთებზეც, 0.8 პროცენტული პუნქტით და 1.9 პროცენტს გაუტოლდა.

სებ-ის მიხედვით, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 253.0 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა და 34.9 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 31.4 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე ძირითადი გავლენა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების მატებამ და კურსის გაუფასურების შედეგად, უცხოური ვალუტის დეპოზიტების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ განაპირობა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system