თავში

ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება 1,931.3 მლნ ლარით გაზარდეს

ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება 1,931.3 მლნ ლარით გაზარდეს
ბანკებმა ეკონომიკის დაკრედიტება 1,931.3 მლნ ლარით გაზარდეს

2020 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 1,931.3 მლნ ლარით გაიზარდა და 35.88 მლრდ ლარს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სექტემბრის მიმოხილვაში.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 21.1 პროცენტი შეადგინა.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური მატება 15.2 პროცენტი იყო. 

"საკრედიტო პორტფელის ზრდაზე, ძირითადად, გავლენა მოახდინა როგორც ეროვნული ვალუტის სესხების ზრდამ, ასევე კურსის გაუფასურებით გამოწვეული უცხოური ვალუტის სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლების ზრდამ. საკრედიტო პორტფელის 89.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 57.0 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 43.2 პროცენტს შეადგენდა," - განმარტებულია სებ-ის თვის მიმოხილვაში.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 219.0 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა და 15.49 მლრდ ლარს გაუტოლდა. 

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში 59.3 მლნ აშშ დოლარით (0.9 პროცენტით) შემცირდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 6.47 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 

ამ კატეგორიის კრედიტების 60.2 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენს, ხოლო 89.2 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.

სებ-ის ცნობით, სექტემბერში ვადაგადაცილებული სესხები 36.7 მლნ ლარით შემცირდა და 523.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო. 

ვადაგადაცილებული სესხების 31.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. 

საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57.0 პროცენტს გაუტოლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system