თავში

ბანკებმა პანდემიით დაზარალებულებს ჩამოჭრილი სახელმწიფო დახმარება უკან დაუბრუნეს

ბანკებმა პანდემიით დაზარალებულებს ჩამოჭრილი სახელმწიფო
ბანკებმა პანდემიით დაზარალებულებს ჩამოჭრილი სახელმწიფო დახმარება უკან დაუბრუნეს

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფომ 2021 წლის იანვარში 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაურიცხა, კომერციულმა ბანკებმა დახმარების თანხა ვალში გაუქვითეს. მთავრობის დადგენილებაში მითითებულია, რომ ეს კომპენსაცია არ უნდა დაექვემდებაროს ყადაღას და საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებებს. ასეთი საჩივრით ადამიანის უფლებათა ცენტრს თერთმეტმა ადამიანმა მომართა. ცენტრმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი, დახმარებოდა კორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებს, ვერ შესრულდა და კომერციულ ბანკებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის გავრცელებისთანავე საქმეში საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩაერთო, რის შემდეგაც თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს.

კითხვებზე. რატომ დაიქვითა სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარება, რა იყო მიზეზი? რამდენად მასშტაბური იყო ეს პრობლემა? მსგავსი საჩივრით ასოციაციასაც ხომ არ მიმართეს დაზარალებულებმა? როგორ მოგვარდა პრობლემა და რა კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე პასუხობს.

" საჩივრით, რომ  კერძო ბანკებმა სახელმწიფოს მიერ მიცემული კომპენსაცია - 200-ლარიანი დახმარება ვალში გაუქვითეს, საბანკო ასოციაციისთვის არავის მოუმართავს. ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ბანკების მეშვეობით სახელმწიფოსგან დახმარება ათასობით ადამიანმა მიიღო. ასეთი შეცდომა კი ბევრი არ არის. ამიტომ, ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა. ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც მხოლოდ არასტანდარტულ საბანკო სესხებთან მიმართებაში გამოვლინდა. როგორც გავარკვიეთ, სახელმწიფო დახმარების თანხა დავალიანებაში გაექვითათ იმ ადამიანებს, რომელთა სესხებიც უკვე პრობლემურ სესხებში იყო გადასული ან ე.წ. ოვერდრაფტი ჰქონდათ გამოყენებული და საკრედიტო ბარათიდან სანქცირებულზე მეტი თანხა ჰქონდათ გამოტანილი. მომხმარებლისთვის და მკითხველისთვის უფრო ადვილი მისახვედრი რომ იყოს, განვმარტავ, რა მოხდა: კორონავირუსის პანდემიამ სხვა არაერთი ბიზნესსექტორის მსგავსად საბანკო სექტორიც დააზარალა. 2020 წელი საბანკო სექტორისთვის მარტივი წელი არ იყო. ისეთი ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო საბანკო ოპერაციებში, რომელთა წინასწარ გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო. ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დავალიანებაში გამოქვითვა არის სტანდარტული ოპერაცია, რასაც ბანკი აკეთებს იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელს მისი ვალი აქვს. ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩარიცხული დახმარება ვალში რომ არ გაქვითულიყო, ამისთვის შეიცვალა პროგრამა და დავალიანების გამო თანხის ჩამოჭრაზე დაწესდა შეზღუდვა. მოხდა შეცდომა და ტექნიკური ხარვეზის გამო ცალკეულ შემთხვევებში და ისიც მხოლოდ არასტანდარტულ სესხებთან მიმართებაში, პროგრამამ ვერ დაინახა ეს შეზღუდვა და სახელმწიფო დახმარების თანხა ვალის დასაფარად ჩამოიჭრა," - განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ და დასძინა, რომ  მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართვა გაავრცელა, საბანკო ასოციაცია დაუკავშირდა  კომერციულ ბანკებს და ცენტრის მიერ მოწოდებული თერთმეტივე შემთხვევა ბანკებთან ინდივიდუალურად განიხილა. თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს. ბანკებს ამ შემთხვევებზე მოკვლევა საბანკო ასოციაციი მიმართვამდეც უკვე დაწყებული ჰქონდათ და თანხის დაბრუნების გზებს ეძებდნენ.

"უკვე ჩამოჭრილი ვალდებულების უკან დაბრუნება ტექნიკურად არ არის მარტივი პროცედურა. ბანკებს როცა დავუკავშირდით, ისინი უკვე მუშაობდნენ პრობლემის აღმოფხვრაზე. ამ დროისთვის ინციდენტი უკვე ამოწურულია - ჩამოჭრილი თანხა ყველას სრულად დაუბრუნდა. შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული და გარანტიას, რომ მსგავსი გადაცდომა მომავალში აღარ მოხდება, ვერ მოგცემთ. თუმცა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ასეთი მექანიკური შეცდომა კიდევ მოხდება, ის აუცილებლად გამოსწორდება. ამისთვის მომხმარებელმა ბანკს უნდა მიმართოს განცხადებით და განცხადებაში მიუთითოს, რომ ბანკმა მისი დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა არამიზნობრივად გამოიყენა. ასეთ შემთხვევაში ბანკი მას თანხას აუცილებლად დაუბრუნებს. თუ ბანკის მიერ შეთავაზებული დრო და პირობები მომხმარებლისთვის მისაღები არ იქნება, ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ - საბანკო ასოციაცია დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის," - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე. 

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიულიადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system