თავში

ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

​ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან
ბათუმის საზღვაო აკადემია მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ონლაინ-ფორმატში გაიმართა. მემორანდუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში (IMO) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, თამარ ბერუჩაშვილის მხარდაჭერით გაფორმდა.

ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო განათლების განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებასა და წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის, ირაკლი შარაბიძის განცხადებით, მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს, როგორც საერთაშორისო საზღვაო განათლების მსოფლიო ცენტრსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას, როგორც საქართველოს საზღვაო განათლებისა და წვრთნის წამყვან ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებას და მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ საზღვაო განათლების, ასევე პოტენციალის ზრდისა და კვლევის სფეროში.

მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კლეოპატრა დუმბია-ჰენრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში საზღვაო დარგის განვითარებას და ახორციელებს მნიშვნელოვან ღონისძიებებს არსებული გარემოს გაუმჯობესებისა და საზღვაო განათლებისა და წვრთნის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ქმედებებზე, რომელთაც ახორციელებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ბათუმის საზღვაო აკადემია საქართველოს საზღვაო დარგისთვის ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზღვაო ინდუსტრიის ზრდას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.

„მსოფლიოს საზღვაო უნივერსიტეტი მოხარულია ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეშვეობით, რათა მხარი დაუჭიროს ქვეყნის ხელისუფლებას, გააუმჯობესოს საზღვაო განათლება და წვრთნა, კვლევისა და შესაძლებლობების განვითარების კომპონენტები და, იმავდროულად, მხარი დაუჭიროს კარგად განვითარებული, კოორდინირებული და ეფექტური ნაოსნობის ზრდას საზღვაო სექტორში“, - აღნიშნა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კლეოპატრა დუმბია-ჰენრიმ.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, მეზღვაურთა წვრთნის, განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სფეროს მნიშვნელოვან საყრდენს. 

„ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ უმაღლესი დონის სტანდარტებს ამ სფეროში. ძალისხმევას არ ვიშურებთ ჩვენი ამბიციური პროგრამის განსახორციელებლად, გავხადოთ ქართული საზღვაო განათლება მსოფლიო დონის“- აღნიშნა იოსელიანმა.

მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, როგორც საზღვაო განათლების სახელმწიფო მარეგულირებლის როლიც. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საზღვაო განათლებასთან, კვლევასა და სწავლებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს. საზღვაო კვლევები ამ თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ ველოდებით ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებას, განსაკუთრებით საზღვაო პოლიტიკის სფეროში“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მემორანდუმის გაფორმებას მიესალმა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში თამარ ბერუჩაშვილი. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში საქართველო მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტს აძლევს პლატფორმას, რათა იყოს უფრო თვალსაჩინო და ჩართული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system