თავში

ბათუმში განახლებული აეროპორტი გაიხსნა

ბათუმში განახლებული აეროპორტი გაიხსნა
ბათუმში განახლებული აეროპორტი გაიხსნა

დღეს ბათუმში განახლებული აეროპორტი გაიხსნა, რომლის გაფართოება მგზავრთა ნაკადის ზრდამ განაპირობა. 2019 წელს მგზავრთა რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა. მშენებლობის პროცესში 300-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

აეროპორტის განვითარებით და განახლებით მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა და მას წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია „ტავმა“ განახორციელა 17 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია.

„დღეს უკვე დაიწყო პირდაპირი რეისების შესრულება ისრაელიდან, ამას დაემატება ყოველდღიური რეისები თურქეთიდან. აჭარა არის მზად ტურისტების მისაღებად. ძალიან მნიშვნელოვანია, პანდემიის პერიოდში ასეთი ინვესტიციის განხორციელება, ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით სულ რაღაც ექვს თვეში დაასრულა კომპანიამ აღნიშნული სამუშაოები. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო აღნიშნულ კომპანიას, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განახლების დასრულების შედეგად აეროპორტი დღეიდან წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება. კოვიდ-19 პანდემიის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად „ტავ ჯორჯიამ“ სამშენებლო სამუშაოები არ გააჩერა და მეტიც, საინვესტიციო თანხა 14-დან 17 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

პროექტის ფარგლებში გაფართოვდა არსებული სამგზავრო ტერმინალის შენობა, როგორც მოფრენის, ისე - გაფრენის მხარეს. ახალი ტერმინალის შენობის მთლიანი ფართობი 4000 მ2 -დან 8000 მ2-მდე გაიზრდა.

ასევე გაფართოვდა „დუტი ფრის“ ზონა, „ბიზნეს ლაუნჯი“ და აეროპორტის მანქანების სადგომი. აეროპორტს დაემატა საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი კვების ობიექტები.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system