თავში

ბათუმში ტექნოპარკი გაიხსნა

ბათუმში ტექნოპარკი გაიხსნა
ბათუმში ტექნოპარკი გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი ტექნოპარკი გახსნა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

როგორც ტექნოპარკის გახსნაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, ბათუმის ტექნოპარკი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონიდან ჩამოსულ ახალგაზრდებსაც მოემსახურება, ვისაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განხრით ახალი ცოდნის შეძენა სურს და უნდა, რომ ამ მიმართულებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

„ზოგადად ჩვენი ხელისუფლება, სამთავრობო გუნდი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და დიდ რესურსს ხარჯავს განათლებაში. ცალკე მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებით ვეხმარებით, არის ინოვაციები და ტექნოლოგიები, IT განვითარება, კომპიუტერული პროგრამირება, სტარტაპები. იცით, რომ ახლახან მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიანიჭა აიტი კომპანიებს, რაც ნიშნავს საგადასახადო შეღავათებს. შედეგად, საქართველოში უკვე გადმოდიან მსხვილი აიტი კომპანიები, რომლებიც ჩვენს ნიჭიერ და კრეატიულ მოქალაქეებს დაასაქმებენ. ასე რომ, საქართველოს მასშტაბით მსგავსი ტექნოპარკების გახსნა ძალიან მნიშვნე ლოვანია, ეს არის ცოდნის ახალი კერა და ინოვაციური განათლების მიღების ადგილი ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ბათუმის ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორია (ფაბლაბი), რომელიც დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში დაეხმარება.

ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს სტარტაპებისა და ე.წ ,,ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია გარკვეული პირობებით სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system