თავში

ბიუჯეტიდან დაფინანსებას 9 პარტია ითხოვს

ბიუჯეტიდან დაფინანსებას 9 პარტია ითხოვს
ბიუჯეტიდან დაფინანსებას 9 პარტია ითხოვს

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა. 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათგან ორი საარჩევნო ბლოკი იყო და ორივე ბლოკი ერთად, შვიდ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა.

2020 წლიდან, დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები შემდეგი პარტიები გახდნენ: - “ქართული ოცნება“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“, "ევროპელი დემოკრატები" “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, “კანონი და სამართალი“, “ევროპული საქართველო“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოქალაქეები“, “გირჩი“ და “ლელო“.

როგორც ცესკოში (ცენტრალური საარჩევნო კომისია) report.ge-ს განუცხადეს, საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.

ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების მსურველნი არიან: “ქართული ოცნება“, “ევროპული საქართველო“, “ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და “კანონი და სამართალი“.

ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

ცესკოს კანონი ავალდებულებს, 25 ნოემბრამდე დაწესებული ვადის დასრულების მიუხედავად, გააფრთხილოს პარტიები. მათ გაფრთხილებიდან სამი დღე მიეცემათ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობის წარსადგენად. თუ პარტიები ამ ვადაშიც არ განაცხადებენ თანხმობას, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მიმდინარე წლის ზაფხულზე შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, პარტიების დაფინანსების პრინციპი შეიცვალა. ახალი წესით, საბიუჯეტი დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე:  სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მოიპოვა. პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო თითოეული შემდგომი ხმისთვის - 5 ლარი. პარტიებს ექნებათ დამატებითი დაფინანსებაც გენდერული კვოტის დაცვისთვის შემთხვევაშიც. ისინი თუ პარტიის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელია, მას დამატებით გამოეყოდა მისაღები დაფინანსების 30%-ი.

რამდენი ერგებათ პოლიტიკურ პარტიებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დეტალურად გაეცანით აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system