თავში

"ბიუჯეტის შესრულება არ შეფერხდება"

"ბიუჯეტის შესრულება არ შეფერხდება"
ბიუჯეტის შესრულება არ შეფერხდება

"წელს ბიუჯეტის შესრულებას არანაირი შეფერხება არ შეექმნება," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში 2021 წლის 3 თვის ბიუჯეტის განხილვის დროს განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის ბიუჯეტი საკმაოდ რთულ ეკონომიკურ პირობებში, შეიძლება ითქვას პანდემიის პიკში დაიგეგმა.

„პირველი კვარტალიც საკმაოდ რთული იყო. პირველ ორ თვეში გვქონდა ეკონომიკური ვარდნა. მარტში, პირველად დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდა 4%-ის ოდენობით. აპრილის მაჩვენებლები კიდევ უფრო პოზიტიურია. საკმაოდ გაზრდილია ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იქნება. ეს კი აჩენს პოზიტიურ ნიშნებს, რომ წელს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც დაგეგმილი გვაქვს, შეიძლება გადაჭარბებითაც შესრულდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

შეგახსენებთ, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 18.38 მილიარდი ლარია, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა კი 20.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტი ეკონომიკის 4,3%-იან ზრდაზეა დაგეგმილი.

2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით, საქართველოს ხაზინაში 527.7 მლრდ ლარის დეფიციტია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 3,010 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 3,102 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად ხდება. ბიუჯეტის დეფიციტის ეს მაჩვენებელი რეკორდულია ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ბიუჯეტი შეიძლება დაკორექტირდეს. მასში, სავარაუდოდ, აისახება 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივი გათავისუფლება. ეს შეღავათი ბიზნესისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში მოქმედებდა და ის მიმდინარე თვეში იწურება. ფინანსთა მინისტრის თქმით, მაისის ბოლოს მთავრობა იმსჯელებს, გაგრძელდება თუ არა წლის ბოლომდე ეს შეღავათი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system