თავში

ბიზნესი და ექსპერტები შრომით რეგულაციებს რადიკალურად განსხვავებულად ხედავენ

ბიზნესი და ექსპერტები შრომით რეგულაციებს განსხვავებულად ხედავენ
ბიზნესი და ექსპერტები შრომით რეგულაციებს რადიკალურად განსხვავებულად ხედავენ

შრომის უსაფრთხოების საკითხებში ახალ რეგულაციებს ბიზნესი კრიტიკით პასუხობს, მაგრამ აღფრთოვანებას არ სპეციალისტებში იწვევს. პირველ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება ნაჩქარევია, ხოლო დარგის სპეციალისტები კანონმდებლებს მეტი სიხისტისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ შრომის უსაფრთხოების კანონი დასაქმებულების უპირატეს უფლებას არ აღიარებს.

სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის პრაქტიკულად განუსაზღვრელი გაფართოვება ის საკითხებია, რომლებსაც „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია"  ბიზნესისთვის წნეხად მიიჩნევს. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ რეგულაციების შემოღება  გარდაუვლად გამოიწვევს სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შემცირებასა და სამომხმარებლო ფასების მკვეთრ ზრდას.

,,წარმოდგენილი ცვლილებების არსებული ვერსია, რომელთა გაცნობის საშუალებაც ბიზნესს ჰქონდა, ბევრ კომპონენტში თავად ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებსა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებულ სტანდარტებს მნიშვნელოვნად აღემატება. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც კი ერიდებიან მსგავსი ფორმით დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობებში შეჭრას, რადგანაც მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინტერვენცია ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს", - აღნიშნულია ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპირისპირო მოსაზრებისაა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ომარ ლანჩავა, რომელიც ფიქრობს, რომ რეგულაციები შრომის ბაზარზე არა თუ ნაჩქარევი, დაგვიანებულიცაა. მისი თქმით, კანონი დამსაქმებლისა და დასაქმებულების უფლებების გათანაბრებას ითვალისწინებს, რითაც ბიზნესი რეალურად მეტ სარგებელს იღებს.

,,ბიზნესის პროტესტი გასაგებია. სურთ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე მაქსიმალური შედეგი მიიღონ. ამ დროს ევროპაში, მაგალითისთვის, თუკი საწარმოში მომუშავე დასახიჩრდა, კომპანიას იმხელა კომპენსაციის გადახდა მოუწევს, რომ შეიძლება გაკოტრდეს კიდეც, თუკი საქმე მსხვილ ბიზნესს არ ეხება. საქართველოს შემთხვევაში, რეგულაციები დაგვიანებულადაც კი მიმაჩნია. ბიზნესს არავინ უშლის ხელს, რომ დააფინანსონ კვლევა, შეისწავლონ რისკების შეფასების საკითხი და უსაფრთხოება გააძლიერონ", - განუცხადა ლანჩავამ report.ge-ს და დასძინა, რომ რეგულაცია, შესაძლოა, უხარისხო იყოს, მაგრამ ორიენტირი  ცალსახად დასაქმებულების უფლებებსა და მათი ჯანმრთელობის დაცვაზე უნდა გაკეთდეს.

,,აქამდე ყველა მთავრობა გადაწყვეტილებას ბიზნესის სასარგებლოდ იღებდა. ამით ცდილობდნენ, რომ ინვესტიციები მოეზიდათ, რაც ძირითადად მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა. დღეს კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ რა ზიანიც არ უნდა მიადგეს დასაქმებულს, კომპენსაციას, ძირითადად ბიუჯეტიდან იღებს. კომპანია ამის გამო არ ზარალდება, რაც არასწორი დამოკიდებულებაა და ახალმა კანონმა ეს ხარვეზი უნდა გამოასწოროს.არ მომწონს, რომ დასაქმებულებისა და დამსაქმებლების უფლებები გაათანაბრეს. ეს, ფაქტობრივად, ისეთი მდგომარეობაა, რომ ცხვარი და მგელი ხორცის ჭამის უფლებით გაათანაბრო, სარგებელს ყოველთვის ძლიერი მიიღებს და საქართველოს შრომის ბაზარზეც დაახლოებით ეს სიტუაციაა", - განაცხადა ომარ ლანჩავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system