თავში

ბიზნესი და მოსახლეობა სესხებს ვერ უმკლავდებიან

ბიზნესი და მოსახლეობა სესხებს ვერ უმკლავდებიან
ბიზნესი და მოსახლეობა სესხებს ვერ უმკლავდებიან

სპეციალისტები უმოქმედო სესხების გაორმაგებას ბიზნესისა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის მკვეთრ კლებას უკავშირებენ, რაც პანდემიური ვითარებით არის გამოწვეული. ექსპერტი ლია ელიავა report.ge-თან ამბობს, რომ ქვეყანაში სერიოზული ფინანსური პრობლემაა, რაც სესხების მომსახურებაში პრობლემას ქმნის.         

,,უმოქმედო სესხების ზრდა ბიზნესსა და მოსახლეობაში არსებულმა პრობლემამ გამოიწვია. შესაბამისად, დიდი დანაკარგებია საბანკო სექტორში, რის გამოც ბანკები იძულებული არიან, სესხები ჩამოწერონ. დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკა ჩაკეტილი იყო, ბიზნესი არ მუშაობდა და მხოლოდ ახლა ახერხებს, რომ თანდათან აღიდგინოს ძალები, რასაც დრო სჭირდება. ამ მხრივ 2021 წელი საკმაოდ მძიმეა, წლის ბოლომდე კიდევ ბევრი პრობლემა იჩენს თავს და სავარაუდოდ, ჩამოწერილი სესხების რაოდენობაც კიდევ გაიზრდება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ბანკები გაუძლებენ ამ დარტყმას,  თუმცა პრობლემის მოგვარება არ იქნება მარტივი, შეიძლება საპროცენტო განაკვეთების კლებაც გახდა საჭირო, რომ ბიზნესს სტიმული მიეცეს", - აცხადებს report.ge-თან ლია ელიავა.

,,ევროპის უნივერსიტეტის" პრორექტორი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს,  საბანკო სექტორს შეიძლება დახმარებაც დასჭირდეს მთავრობის მხრიდან, რომ  საბანკო სექტორმა ამ კრიზისს გაუძლოს.

,,უმოქმედო სესხების მოცულობა გაორმაგებულია და კიდევ გაიზრდება, თუ მტავრობის მხრიდან დარგის მხარდამჭერი ღონისძიებები არ დაიგეგმება. კრიზისის კი, მინიმუმ, იმ დრომდე გასტანს, სანამ  ბიზნესი პოზიციებს ვერ გაიუმჯობესებს, რისთვისაც, პირველ რიგში, წარმოება უნდა განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადახდისუნარიანობა უფრო იკლებს და საბანკო სექტორის სტაბილურობასაც სერიოზული რისკი შეექმნება. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ კომპანიები ვერ იხდიან ფინანსურ ვალდებულებებს, საბანკო სისტემაშიც პრობლემაა, რაც რეცესიის თანმდევი პროცესია. ასეთ დროს ვერავინ დაავალდებულებს, რომ სესხები ჩამოწერონ, ეს სექტორს ჩამოშლის, ყოველდღიურად უარესდება მათი მდგომარეობა ამ კუთხით და დახმარება დასჭირდებათ", - აცხადებს report.ge-თან გოჩა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ საბანკო სისტემის სესხების 8.4% უმოქმედოს სტატუსს ატარებს, რაც წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 2020 წლის ანგარიშში. რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საბანკო სისტემაში არსებული საკრედიტო რისკებიცაა მიმოხილული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს უმოქმედო სესხების მაჩვენებელი 10%-საც მიაღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system