თავში

ბიზნესი მომხმარებელთა უფლებების წინააღმდეგ

ბიზნესი მომხმარებელთა უფლებების წინააღმდეგ
ბიზნესი მომხმარებელთა უფლებების წინააღმდეგ

სავაჭრო სექტორში გაცემული გარანტიების უმეტესობა მომხმარებელთა უფლებების საზიანოდ არის მიმართული. ამის შესახებ report.ge-თან მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაციის ,,ეტიკის" დამფუძნებელი ამირან შენგელია საუბრობს. მისი თქმით, ბიზნესის საქმიანობა ხშირად  მომხმარებელთა უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული, რასაც მოწმობს საგარანტიო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული პირობები, რის პრობლემაც ყველაზე მეტად ტექნიკის რეალიზაციასთან დაკავშირებითაა როგორც მაღაზიებში, ასევე ონლაინ გაყიდვების სეგმენტში. 

როგორც შენგელია აცხადებს, ხშირ შემთხვევაში მომხმარებელი საგარანტიო მომსახურებით ვერ სარგებლობს.

,,მომხმარებლების უკმაყოფილება ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ გარემოებას, რომ ტექნიკა შეძენიდან მალე ფუჭდება და იწყება შეკეთების დაუსრულებელი პროცესი, რომლის დროსაც მომხმარებელი, ფაქტობრივად, შენაძენით ვერ სარგებლობს. ამასთან, ხშირად ნივთის საგარანტიო პირობები არის მიუღებელი, პროცესი იმდენად დამღლელია, რომ მყიდველს თავისი ხარჯით უწევს შეკეთება. ეს ხდება როგორც  მობილური ტელეფონების, ასევე ნებისმიერ ტექნიკასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების პირობები მხოლოდ ერთი მხარის - გამყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ არის შედგენილი. როცა ადამიანი ნივთს ყიდულობს, ამას ნაკლებად აკვირდება, თუმცა როცა საგარანტიო მომსახურება დასჭირდება, პრობლემა უმალ იჩენს თავს", - ამბობს ამირან შენგელია.

მისი თქმით, დაზარალებულ მომხმარებელს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს, მაგრამ ეს ძვირი, რთული პროცედურაა და ამ გზას დაახლოებით 20 დაზარალებულიდან მხოლოდ ერთი თუ მიმართავს.

პრობლემასთან დაკავშირებით report.ge-თან მომხმარებლების ის ნაწილი საუბრობს, რომლებსაც საგარანტიო მომსახურებისას პრობლემა შეექმნათ და ამ უპირატესობით რეალურად ვერ ისარგებლეს. 

თბილისელი ლელა გოცირიძე ამბობს, რომ დაახლოებით 7-8 თვის წინ ერთ-ერთ კომპანიაში წყლის გამაცხელებელი შეიძინა გარანტიით, თუმცა პირობების მისთვის იმდენად არახელსაყრელია, რომ შესაძლოა, მომსახურების მიღებაზე თვითონვე თქვა უარი.

,,გამათბობელი შევიძინე, 8 თვე გავიდა და აღმოვაჩინე, რომ ტექნიკას პრობლემა აქვს. შესაბამისად, გარანტიის ფურცელზე მითითებულ ნომერზე  დავრეკე. ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელმა მითხრა, რომ მომსახურება ფასიანია და 30 ლარს შეადგენს. შევახსენე, რომ გარანტიის ტალონი მაქვს და მომსახურება უფასოდ მეკუთვის. პასუხმა არ დააყოვნა. კომპანიის თანამშრომლის თქმით, თუ პრობლემა გაზის წნევას ან წყლის რეჟიმის დარღვევას უკავშირდება, თანხის გადახდა მომიწევს. აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა. ცხადია, ან ერთი იქნება პრობლემა, ან მეორე, გამოდის, რომ რეალურად ვერ ვისარგებლებ გარანტიით, თვითონვე ვუთხარი უარი, თუკი მაინც მომიწევს თანხის გადახდა, მირჩევნია, ნაცნობი ხელოსნის მომსახურებით ვისარგებლო", - ამბობს  დაზარალებული მომხმარებელი.  

ცხადია, ეს არ არის გამონაკლისი. როგორც მომხმარებელთა უფლეაბადამცველი ამირან შენგელია ამბობს, ონლაინ შეძენილი ტექნიკის ან სხვა ნივთის ყიდვისას სრული ქაოსია, რადგან ამ შემთხვევაში დიდი ნაწილი გარანტიით ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს ან მითითებული ტელეფონის ნომრები არასწორია, რის გამოც ხალხი ამ მომსახურებას რეალურად ვერ იღებს. 

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც შენგელია განმარტავს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე მეწარმეს ვალდებულება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ნივთი მომხმარებელს უფასოდ შეუკეთოს და მისი ტრანსპორტირების ხარჯებიც იკისროს, ხოლო თუ ნივთის შეკეთება ვერ ხერხდება, მეწარმე ვალდებული იქნება, გამოცვალოს ან დაიბრუნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system