თავში

ბიზნესი რომელიც ავსებს ბიუჯეტს და ხალხს აღარიბებს

ბიზნესი რომელიც ავსებს ბიუჯეტს და ხალხს აღარიბებს
ბიზნესი რომელიც ავსებს ბიუჯეტს და ხალხს აღარიბებს

„ ზაზა, მიყვარხარ ძმაო, შემპირდი რომ არასოდეს ითამაშებ’’ ასეთი შინაარსის წერილი მისწერა, თვითმკვლელობამდე რამდენი წუთით ადრე, ახალგაზრდამ თავის საუკეთესო მეგობარს. 2019 წლის აგვისტოში, 22 წლის ბიჭმა თავი მოიკლა, მოგვიანებით ოჯახმა გაიგო, რომ მათი შვილი აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და გურჯაანის სლოტკლუბში, მსხვილი თანხა ჰქონდა წაგებული. 

განვითარებადი ქვეყნისთვის, რომელსაც სუსტი ეკონომიკა აქვს და ბიუჯეტში თანხის მობილიზება, პრიორიტეტული საკითხია, მსხვილი ბიზნესი, დიდი სახაზინო შენატანებით, ბუნებრივად პრიორიტეტულია. თუმცა, უმწვავესი პრობლემა, თამაშზე დამოკიდებულება, ქვეყანაში ახალ მასშტაბებს იძენს. საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიაა და ის ქვეყნის ყველა დიდ, თუ პატარა ქალაქს მოიცავს. საქართველო არ არის გამონაკლისი, მსოფლიოში აზარტული თამაშების წლიური მოგება 500 მილიარდ დოლარს აღწევს.  საქართველოში 700 000 ადამიანი თამაშობს და ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკაა. სათამაშო ბიზნესს კი, წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5.6 მილიარდი ბრუნვა აქვს, უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბიზნესს.  საერთაშორისო კვლევები გვაჩვენებს, რომ ლუდომანიის, როგორც დაავადების განვითარება, დამოკიდებულია რამდენიმე რისკფაქტორზე, ესენია:

  • ფსიქიკური აშლილობა: დეპრესია, სხვადასხვა სუბსტანციებზე დამოკიდებულება (ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ა.შ.) და სხვ.
  • ასაკი: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საფრთხის ქვეშ ძირითად ახალგაზრდები ექცევიან. თინეიჯერებისა და საშუალო ასაკის ადამიანების მიერ დამოკიდებულების ჩამოყალიბების უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ვიდრე ხანში შესულების.
  • სქესი: კვლევები აჩვენებს, რომ აზარტული თამაშების გავლენის ქვეშ მამაკაცები უფრო ხშირად ექცევიან, ვიდრე ქალები.
  • ოჯახი და მეგობრები: თუ თქვენს ოჯახში ან სამეგობრო წრეში არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ან ე.წ. პრობლემური მოთამაშე, იზრდება დამოკიდებულების გაჩენის რისკი.
  • ზოგიერთი ადამიანური თვისება: აზარტულობა, მოუსვენრობა, იმპულსურობა, მუშაობაზე დამოკიდებულება (ე.წ. ვორკაჰოლიკი) ზრდის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შანსს.

სპეციალისტების განმარტებით, ამ ფაქტორების ამოქმედებას, ხელს უწყობს სარეკლამო საკომუნიკაციო საშუალებები: ქუჩის ბანერები, რეკლამა ტრანსპორტზე, რადიოში, ტელევიზიით და ინტერნეტ სივრცეში. საქართველოში მრავლად შეხვდებით ადგილებს, სადაც უშუალოდ სასწავლო დაწესებულებებთან ახლოს და მეტიც, თავად უნივერსიტეტის კედლებზეა განთავსებული, სათამაშო ბიზნესის რეკლამა.  

საერთაშორისო დაკვირვება აჩვენებს, რომ თვითმკვლელობის მიზეზი, ალკოჰოლიზმზე და ნარკოდამოკიდებულებაზე ხშირად, სწორედ ლუდომანია ხდება.  წელს, გაზაფხულზე კი, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო ცვლილებები კანონში, რომელსაც უნდა გაემკაცრებინა აზარტული თამაშების სარეკლამო პოლიტიკა. 

არის თუ არა ამის მიზეზი ის ფაქტი, რომ საქართველოში აზარტული თამაში ყველაზე მომგებიანი ბიზნესია, უფრო მომგებიანიც კი ვიდრე კომერციული ბანკები, ამის გასარკვევად report.ge კანონში ცვლილებების ინიციატორ დეპუტატს გაესაუბრა.

"ეს კანონპროექტი რომ გასულიყო, მოზარდი, რომელიც სკოლაში მიდის, ან ახალგაზრდა რომელიც უნივერსიტეტში დადის, ვერ დაინახავდა ქუჩაში სარეკლამო ბანერებს. ასევე დაცული იქნებოდა სოციალური ქსელიც, ამ ტიპის ბიზნესის რეკლამისგან. რადგან მისი მიზანი იყო,  მოსახლეობა უფრო დაცული ყოფილიყო, ფსიქიკური ზემოქმედებისგან. არ გამოვრიცხავ, რომ კანონპროექტის მიღებას, ხელს უშლის ამ ბიზნესის გავლენები. ფაქტია, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, პროცესი არ განვითარდეს" - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.  

ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ბიზნესის ხელშეწყობა, რეგულაციები კი, ეკონომიკურ განვითარებაზე ხშირად უარყოფითად აისახება. ამიტომ რთულია პროგნოზი რა ფორმით, ან როდის გამოინახება ოქროს შუალედი, რომელიც შეძლებს ლუდომანია, როგორც მწვავე პრობლემა შეამსუბუქოს და პარალელურად ქვეყანამ არ თქვას უარი, მსხვილ საბიუჯეტო შემომტანზე. 

საქართველოს პარლამენტში ცვლილებების ირგვლივ საჯარო დისკუსიებისას გაირკვა, რომ მმართველი პარტია არ ეწინააღმდეგება აღნიშნული ბიზნესის, სარეკლამო რეგულირების მთავარ მიზანს, დაიცვან მოქალაქეები, თუმცა ვერ თანხმდებიან არსებით და ქმედით მექანიზმზე. 

ვიდრე კანონმდებლები რეგულაციების მიღებაზე მსჯელობას განაახლებენ და მოიძებნება გზა, როგორ შემცირდეს მწვავე პრობლემა და გადარჩეს ბიზნესიც, პასუხგაუცემლად რჩება მთავარი საკითხი - კიდევ რამდენი ლუდომანი და მისი ოჯახი დაზარალდება ფინანსურად, ან უფრო მეტიც, კიდევ რამდენი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირება, უკონტროლო სათამაშო ბიზნესს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system