თავში

ბიზნესი საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს

ბიზნესი საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს
ბიზნესი საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ასეულობით ბიზნეს კომპანიის ინტერესებისა და თხოვნის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხარდასაჭერად განხორციელებული ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად შემოიღო, გარკვეული პერიოდით დამატებით უნდა გაგრძელდეს.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ პანდემიის დაწყებიდანვე ასოციაცია ჩართულიიყო და მიესალმა ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას. ამასთან, საგადასახადო შეღავათები დროში შემოისაზღვრა და ისინი გათვლილი იყო პანდემიის პირველი ტალღის ნეგატიური შედეგების შემსუბუქებაზე. იმ პერიოდში შემუშავებული ღონისძიებათა პაკეტი, ბუნებრივია, ვერ გაითვალისწინებდა ბიზნეს ოპერატორების წინაშე შემოდგომაზე, ანუ პანდემიის მე-2 ტალღის დროს წამოჭრილ ახალ სირთულეებს. უფრო მეტიც, დღეს ბიზნეს ოპერატორები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით განიცდიან იმ პრობლემებს, რასაც ისინი პანდემიის პირველ თვეებში აწყდებოდნენ," - განმარტავენ ბიზნესგაერთიანებაში.

მათივე ინფორმეციით, საგადასახადო შეღავათები, რომლებიც სხვა ღონისძიებებთან ერთად, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტში შედიოდა, მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს:

  • I.2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში დამქირავებელი უფლებამოსილი გახდა შეემცირებინა (ბიუჯეტში არ შეეტანა) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დასაკავებელი და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატებოდა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ეს ცვლილება მოქმედებდა 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე და შესაბამისად დღეს უკვე ეს შეღავათი ბიზნესს აღარ აქვს.
  • II.ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას (სასტუმროები, განთავსების მსგავსი საშუალებები; რესტორნები და საკვებით მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა) საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით 2020 წლის თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის გადახდა 2021 წლის 1 დეკემბრამდე გადაუვადდა და გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საურავი არ ერიცხებოდათ.

ზემოაღნიშნული საგადასახადო შეღავათების გაჩენამ საგადასახადო კანონმდებლობაში ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებზე, რადგანაც მან საშუალება მისცა ბიზნესს ძალიან რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში, როდესაც მასიურად ხდება შემოსავლების კლება, სახელმწიფოს მიერ დატოვებული რესურსების ხარჯზე შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები.

"დღეისათვის საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, და ეს ხდება მაშინ, როდესაც, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემები გრძელდება და, უფრო მეტიც, ამ კუთხით სახეზეა  სიტუაციის შემდგომი დამძიმება. ძალიან დიდი ალბათობით, მომდევნო თვეების განმავლობაში ბიზნესსგაუჭირდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ხოლო სამუშაოს გარეშე დარჩენილი ადამიანები დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოსასევე ზოგადად საზოგადოებას. რაც შეეხება, ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას, ყველას კარგად ესმის, რომ ეს სექტორი პანდემიის გამო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია და იგი პრაქტიკულად გაჩერებულია. ადვილად წარმოსადგენია, რომ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიათა უმრავლესობას (მიუხედავად იმისა მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის არის კომპანია) საკმაოდ მწვავე ხასიათის პრობლემები შეექმნებათ თუ ისინი ამა წლის 1დეკემბერს დაგროვილი საშემოსავლო გადასახადის გადახდის აუცილებლობის წინაშედადგებიან," - აცხადებენ ბიზნესასოციაციაში. 

ასოციაციას რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ გამოწვევებს, ითხოვს საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტისგან, უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,

  • I.საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდესკიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანიპერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;
  • II.ტურიზმისადასტუმართმასპინძლობის ინდუსტრიასჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.

"გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანა არის საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება,საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთოს ყველა მხარესთან, რათა ძალიან სწრაფად, საქართველოს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომებზე მოხდეს ამ ცვლილებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება," - აცხადებენ ბიზნესგაერთიანებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system