თავში

ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაში

ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაში
ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაში

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია „ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

„ჩვენი ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ერთ-ერთი პრიორიტეტია. შვედეთის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის კოდექსი, სტრატეგია და ეროვნული გეგმა სრულ თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. მწვანე ეკონომიკის დანერგვის პირობებში, აუცილებელია გამძლე, განახლებადი და ხელახლა გამოყენებადი პროდუქციის წარმოება და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

კონფერენციაზე გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების და ამ სისტემის ეფექტიანი დანერგვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან.

კონფერენციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიას „ეკონომიკური ეფექტიანობის თეორიები, განვითარების მოდელები და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა საქართველოში“ გაცნობოდნენ.

ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system