თავში

ბიზნესმენი ირაკლი დუმბაძე "ლიდერფუდის" საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ირაკლი დუმბაძე "ლიდერფუდის" საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ბიზნესმენი ირაკლი დუმბაძე ლიდერფუდის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი დუმბაძე და მისი ადვოკატი ავთანდილ თეთრაშვილი რამდენიმე დღის წინ „ახალგაზრდა ადვოკატების" კვლევას გამოეხმაურნენ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ დასკვნა „დავით ზეიკიძის „ნაჩალიჩარ-ნაყიდი“ საქმეების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

“მე, ირაკლი დუმბაძეს, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, მაქვს ერთადერთი სურვილი, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ მიწევდეს უსამართლობასთან, ჩაგვრასთან და ძალმომრეობასთან ბრძოლა, მქონდეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოების ნდობა და პატივისცემა, მე და ჩემს ოჯახს მოგვეცეს მშვიდ გარემოში არსებობის საშუალება. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევს ჩემი სიმამრის - დავით ზეიკიძის მიერ ჩვენს ირგვლივ შექმნილ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ცხოვრება, რომელიც უზარმაზარი ფინანსური თუ გავლენითი რესურსებით ცდილობს ჩვენს შეურაცხყოფას და დაჩაგვრას. ეს, ეგრეთწოდებული „დასკვნაც“, ჩემი შეფასებით, დავით ზეიკიძის „ნაჩალიჩარ-ნაყიდი“ საქმეების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია და სამწუხაროდ, არა ერთადერთი. ვინ, თუ არა მე, კარგად ვიცნობ ამ პიროვნებას და ვიცი მისი სტილი, 90-იანი წლების, მაფიოზური სტილი, რომელსაც დღემდე წარმატებით იყენებს. დავით ზეიკიძე დღემდე, პირდაპირ და საჯაროდ ცდილობს ჩემთან არსებული სამართლებრივი დავის სასამართლოს გვერდის ავლით „მოგვარებას“ და შემდეგ სასამართლოში „გაპრავებას“. დღეს, როდესაც დავით ზეიკიძე სხვადასხვა უკანონო გზებით ცდილობს ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებას და მოტყუებით ხელში ჩაგდებული ქონების მისაკუთრებას, მე, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ხმამაღლა მივმართო საზოგადოებას, სასამართლოს, ყველა ლეგიტიმურ ორგანოსა თუ პირს, რომ თუ დღეს მე დამერღვა სამართლიანობა, ეს შეუქცევადად მოხდება ხვალ ნებისმიერის მიმართ, ხოლო სამართლიანობა რომ მშვიდობის უპირობო საწინდარია ეს ყველას კარგად უნდა მოგვეხსენებოდეს,”- აღნიშნავს ირაკლი დუმბაძე.

მისივე ადვოკატის, ავთანდილ თეთრაშვილის განცხადებით კი ორგანიზაციის მიერ დასკვნაში მხოლოდ რამდენიმე მტკიცებულებაა გამოყენებული და ამასთან, ერთ-ერთი მათგანი, იმგვარადაა დამახინჯებული, რომ მოსარჩელე ირაკლი დუმბაძის სასარგებლო ფაქტს, მოპასუხის სასარგებლოდ წარმოაჩენს.

ძვირფასო „მკვლევარებო“, წესით, თქვენ, ობიექტურად და კვალიფიციურად უნდა განგეხილათ და შეგეფასებინათ სასამართლოს მიერ განხილული და შეფასებული ის მტკიცებულებები, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მხარეთა მიერ და რაზედაც მხარეები აგებენ საკუთარ პოზიციებს, შეგეფასებინათ სასამართლოს მსჯელობა და არგუმენტები და ამის საპირისპიროდ, კონტრარგუმენტებით გაგებათილებინათ სასამართლოს ის დასკვნები, რომელსაც არ ეთანხმებით. ამ კუთხით, სამწუხაროდ, თქვენი მხრიდან სრულ კვალიფიციურ ჩავარდნას აქვს ადგილი“,- აღნიშნავს ადვოკატი.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმადაც საქმეზე მსჯელობა უნდა გააგრძელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად ჩათვალა, საქმეზე განხორციელებული მონიტორინგი და სამართლებრივი დასკვნა ოფიციალურად მიეწოდებინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისათვის, რამდენადაც დოკუმენტში სწორედ მათ მიერ უკვე მიღებული და გადაწყვეტილებების კანონთან შესაბამისობა და სისწორეა განხილული და გაანალიზებული. კაიკაციშვილი ამტკიცებს, რომ „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზისას იკვეთება, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.

"მხარეთა მიერ ჩვენთვის მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ საქმეზე მსჯელობა უნდა გააგრძელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და ჯერ საკუთრივ საქალაქო სასამართლოს უნდა მოეხდინა საქმისწარმოების გაგრძელება, ხოლო ასეთი გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა დაებრუნებინა საქმე საქალაქო სასაამრთლოსთვის არსებითად განსახილველად. ამდენად, სამართლიანი იქნება, თუკი უზენაესი სასამართლო საქმეს არსებითად განსახილველად მიაქცევს პირველ ინსტანციაში და ამით მხარეებს თანაბრად მისცემს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალებას“, - ამბობს კაიკაციშვილი და დასძენს, რომ ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, განსაკუთრებით ბიზნესდავების შემთხვევაში, ხშირად უმართებულოდ არის ხოლმე გამოყენებული, რაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ხელშეუხებლობას ძირშივე არღვევს. 

"სამწუხაროდ, „ლიდერფუდის“ შემთხვევაც ამ სერიიდანაა. შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქმესთან დაკავშირებული მოსამართლეებისთვის ოფიციალურად მიგვეწოდებინა დოკუმენტი ჩვენი მსჯელობისა და დასკვნების შესახებ. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, მათთვის მინიმუმ საინტერესო იქნება მისი გაცნობა“, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დოკუმენტი ასევე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system