თავში

Black Sea Arena გერმანული დიზაინის პრემიის გამარჯვებული გახდა

Black Sea Arena გერმანული დიზაინის პრემიის გამარჯვებული გახდა
Black Sea Arena გერმანული დიზაინის პრემიის გამარჯვებული გახდა

„ბლექ სი არენა” თავისი შინაარსით უკვე წლებია ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, კულტურის სფეროს ხელშეწყობას და ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას, მაგრამ მსგავსი სახის გამარჯვებები და აღიარებები არის პირველ რიგში ქვეყნის პოზიციონირებისთვის საეთაშორისო არეალზე ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

Black Sea Arena 2020 წლის გერმანული დიზაინის პრემიის გამარჯვებული გახდა. საქართველოს ზღვისპირა რეგიონში მდებარე საკონცერტო შენობამ გამარჯვება საუკეთესო არქიტექტურისთვის მოიპოვა. პრიზები მხოლოდ იმ პროექტებს გადაეცემათ, რომლებსაც წვლილი საერთაშორისო დიზაინის ლანდშაფტში შეაქვთ. გერმანული დიზაინის დაჯილდოება კომერციულ წარმატებას ხელს უწყობს. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 1969 წელს გაიმართა.

„პოსტპანდემიისას  „ბლექ სი არენა” განაახლებს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც შემუშავებული ჰქონდათ, და დავუბრუნდებით იმ ძველ ნიშნულს, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გამოყენებით ჩვენს შავიზღვისპირა რეგიონებში და განსაკუთრებით გურიაში, იქედან გამომდინარე, რომ ყოველთვის სჭირდებოდა გურიას ისეთი მაღალი დონის და სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს უკვე არის. ერთს დავამატებდი უბრალოდ - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „ბლექ სი არენას” მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯამურად შევხედოთ ყველა იმ მეგაპროექტს, რომელიც გარშემო ასევე „ქართუ ჯგუფის” დაფინანსებით შესრულდა, რაც არის მუსიკოსების პარკი, დენდროლოგიური, მინიატურების პარკი, ციცინათელა და, რა თქმა უნდა, სასტუმრო „პარაგრაფი”. ამ პროექტების ერთობით კონკრეტულ წერტილში გაჩნდა ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი, როგორც ახალი ტურისტული პროდუქტი”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Black Sea Arena-ს დირექტორის, ტატო ხარჩილავას, შეფასებით, ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო აღიარება, რაც „ბლექ სი არენამ” მოიპოვა. ამ ჯილდოთი „ბლექ სი არენამ“ დაამტკიცა, რომ გარდა არქიტექტურისა, ფუნქციურადაც მაღალ დონეზე გამართულია.

„რომ არა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი და განსაკუთრებული მადლობა მას ამ პროექტის ინიცირებისა და მატერიალური რესურსისთვის, „ბლექ სი არენა“ საქართველოში ვერ აშენდებოდა. დარბაზი, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში, როგორც შესანიშნავი არქიტექტურა, საქართველოშია და მისი კუთვნილებაა. გარდა იმისა, რომ არქიტექურა ძალიან მნიშვნელოვანია, ამით „ბლექ სი არენამ“ დაამტკიცა, რომ ფუნქციურად ძალიან გამართულია. დარბაზი 2016 წელს გაიხსნა და გერმანული დიზაინის არქიტექტორების ჯგუფს, დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდა, რომ ეს ჯილდო მოენიჭებინა. წელს, იგივე ნომინაციაში, გაიმარჯვა ლოს-ანჟელესში, უოლდ დისნეის თეატრმა, რომელიც 2003 წელს გაიხსნა და მთელი 17 წელი დასჭირდა, რათა დაემტკიციებინა, რომ არქიტეტქურულად და დიზაინის კუთხით, მნიშვნელოვანი დარბაზია, რაც „ბლექ სი არენამ“ ოთხ წელიწადში მოახერხა“, - განაცხადა ტატო ხარჩილავამ და დასძინა, რომ უკვე ემზადებიან 2020 წელს დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.

საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ 2016 წლის 31 ივლისს გაიხსნა. ის 10 000-მდე მაყურებელს იტევს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, $115 მლნ. ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს ფონდმა „ბლექ სი არენა“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

2017-2018 წლების მონაცემებით მასში 106 ადამიანი იყო დასაქმებული. Black Sea Arena-ს შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს 1 მილიონი ლარი უჯდებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system