თავში

ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა

ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა
ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი report.ge-სთან საწვავის გაძვირების მიზეზს განმარტავს.  ბიზნესგაერთიანებაში გვიხსნიან, რომ პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასებთან მიმართებაში. კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ნავთობზე არსებული მაღალი ფასები, შემდგომ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო COVID-19-ის პანდემიასთან. მათივე განმარტებით, მასობრივი კარანტინებისა და შეზღუდვების არსებობის პირობებში დაფიქსირდა ნავთობის მოხმარების რეკორდული შემცირება, რამაც გამოიწვია ნავთობზე ფასის მკვეთრი კლება.

"გასული წლის ზაფხულის დასაწყისიდან, ანუ მას შემდგომ, რაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში მოიხსნა საყოველთაო შეზღუდვები, თანდათანობით დაიწყო საჰაერო, სახმელეთო, სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და ასევე სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, იწყება ნავთობზე ფასების მატება. ამას თან დაერთო ასევე „ოპეკი +“-ის მიერ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით დღე/ღამეში). განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ნავთობზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყებას, რომელმაც თავისთავად გააჩინა პოზიტიური მოლოდინები მსოფლიო ეკონომიკის სწრაფ აღდგენასთან დაკავშირებით. შედეგად, თანდათანობით ძველ ნიშნულებს დაუბრუნდა ნავთობზე მოთხოვნა. აღნიშულის დასტურია ამ დღეებში „ოპეკი +“-ის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი 2021 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით. კერძოდ, ნავარაუდევია, რომ მოთხოვნის ზრდა მიაღწევს 5,9 მლნ ბარელს დღე/ღამეში ანუ იგი გაიზრდება 96,3 მილიონ ბარელამდე. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ობიექტური რეალობა, რომ დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის (Inter Continental Exchange Futures Europe) სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს/ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს/ბარელზე შეადგენს," - განუცხადეს report.ge-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში. 

მათივე განმარტებით, ლარის არასტაბილური კურსი კიდევ ერთი ფაქტორია, რაც შიდაბაზარზე საწვავავის გაძვირებას ასტიმულირებს, რადგან მათივე მტკიცებით, საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის გაცვლითი კურსის დინამიკა აშშ დოლართან მიმართებაში, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საცალო ქსელში საწვავის ფასების ფორმირება.

"კერძოდ, გასული წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,8876 ლარს. დღეისათვის ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,3204 ლარს. ზრდა განხორციელდა 0.44 ერთეულით ანუ 15,3%-ით. ბოლო პერიოდში საწვავზე ფასების მატება პირდაპირპროპორციულ კავშირშია S&P Global Platts-ების მკვეთრ მატებასთან. კერძოდ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის საავტომობილო საწვავზე ფასი გაზრდილია 195 დოლარით/ტონაზე (43%), ხოლო დიზელის საწვავზე ფასი გაიზარდა 117 დოლარით/ტონაზე (27,8%).

დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები ბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე შეადგენს:

რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,45-2,50 ლარი/ლიტრაზე,

პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,68-2,71 ლარი/ლიტრაზე,

სუპერი ტიპის ბენზინი - 2,77-2,81 ლარი/ლიტრაზე,

ევრო დიზელის საწვავი - 2,63-2,73 ლარი/ლიტრაზე,

დიზელის საწვავი - 2,53-2,67 ლარი/ლიტრაზე.

ხოლო არაბრენდირებულ ავტო-გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 1 ლიტრ საწვავზე 20-25 თეთრით უფრო იაფია ვიდრე ბრენდულ ავტო-გასამართ სადგურებზე, ანალოგიურად როგორც ეს იყო წინა პერიოდებში," - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები. 

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system