თავში

"ბუდაპეშტის“ინვესტორსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა

"ბუდაპეშტის“ინვესტორსა და მერიის წარმომადგენლებს შორის
ბუდაპეშტის“ინვესტორსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა

კომპანია "ტიფლის დეველოპმენტმა" ვაკის პარკში, სასტუმრო "ბუდაპეშტის“ სამშენებლო ტერიტორიაზე ტექნიკა მიიყვანა და სასტუმროს მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კომპანიის წარმომადგენლის გოგა ზაქაიძის თქმით, კომპანიას ამის სრული უფლება აქვს. ადგილზე გამოცხადდნენ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები და კომპანიას მუშაობის შეწყვეტა მოსთხოვეს. ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ინვესტორსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება. 

„თვითნებურად მსგავსი ქმედებები არავის შერჩება და ამისთვის ვართ ჩვენც, რომ ეს აღვკვეთოთ. ეს მშენებლობა არის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. არაერთხელ მიოთქვამს და ვიმეორებ, სასტუმრო ვერ აშენდება. როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღვანელობის მოლოდინი რეალობას არის აცდენილი, ფიქრობენ, რომ რაღაცეები გაუვათ, მაგრამ არ გაუვათ. რასაც დღეს ვუყურე, შთაბეჭდილება მაქვს, რომ კომპანიას ჰქონდა მოლოდინი, რომ შევიდოდა ტერიტორიაზე, დაიწყებდა მშენებლობას და ააშენებდა სასტუმროს, ეს ვერ მოხდება, მით უმეტეს თვითნებურად, საჯარო ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერია ინვესტორს  ადგილმონაცვლე მიწას სთავაზობს, თუმცა კომპანია შეთავაზებას არ იღებს და ან ადგილზე სასტუმტოს აშენებას, ან  20 მლნ ლარს. 

"2013 წელს კანონიერად არის გაცემული მშენებლობის ნებართვა და ამიტომაც მიდის კომპანიასთან მოლაპარაკება, თუმცა ის არ იღებს მერიის შეთავაზებას მიწის ადგილმონაცვლეობაზე, რადგან მოლოდინი აქვს, რომ ადრე თუ გვიან მიზანს მიაღწევს და მოახერხებს სასტუმროს მშენებლობას. ეს არ მოხდება, ამიტომ ურჩევნიათ მიიღონ მერიის მხრიდან დაყენებული შეთავაზება მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვბლეობაზე“, - განმარტავს ირაკლი ხმალაძე.

შეგახსენებთ, ინვესტორი მერიას ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად რესტორნის აღდგენა ერთი წლის წინ შესთავაზა. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ წარმომადგენელმა, გოგა ზაქაიძემ განაცხადა, ისინი მზად არიან, უარი თქვან სასტუმროს მშენებლობაზე, სანაცვლოდ კი ვალდებულებას იღებენ, აღადგინონ 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიულად არსებული მოცულობისა და ფასადის შესაბამისად. ზაქაიძემ პირობაც დადო რომ რესტორან „ბუდაპეშტის“ მშენებლობისას არ დაზიანდება არც ერთი ნარგავი და დამატებით გამწვანდება და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.

ინვესტორმა შეთავაზებაზე თბილისის მერის უარი მიიღო.

მერიასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები 2 წელია მიდის. მერიამ ინვესტორს არაერთი ფართ შესთავაზა ადგილმონაცვლეობისთვის, თუმცა ინვესტორმა ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. მერიას მოლაპარაკებების იმედი აქვს და ამტკიცებენ, რომ  ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო ვერ აშენდება.

ვაკის პარკის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო, რის გამოც პარკი სრულად ჩაიკეტება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. 

2013 წელს, სპეციალური დადგენილებით, მაშინდელი თბილისის მერის მიერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა, თუმცა საზოგადოების პროტესტის გამო ამ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system