თავში

ჩაის დღეს ქართულ-აზერბაიჯანული ჩაის სექტორები განიხილეს

ჩაის დღეს ქართულ-აზერბაიჯანული ჩაის სექტორები განიხილეს
ჩაის დღეს ქართულ-აზერბაიჯანული ჩაის სექტორები განიხილეს

ჩაის მეორე საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართული და აზერბაიჯანული ჩაის სექტორების განხილვას დაეთმო. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ღონისძიებას მრგვალი მაგიდის ფორმატში ონლაინ უმასპინძლეს. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანსა და საქართველოში მაღალი ხარისხისა და კატეგორიის ჩაის წარმოების პოტენციალზე. შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ჩაის სექტორების შესახებ განხორციელებული კვლევების შედეგები გასაჯაროვდა, მათ შორის, სექტორის მდგრადი განვითარების შესაძლებლობები.

მათივე ცნობით, ვლადიმერ რახმანინმა, FAO-ს გენერალური დირექტორის თანაშემწემ და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონულმა წარმომადგენელმა, კავკასიაში ჩაის კულტურული მნიშვნელობისა და საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის წარმოების ტრადიციების შესახებ ისაუბრა.

“აზერბაიჯანსა და საქართველოს ჩაის წარმოების საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება და ჩაის უნიკალური თვისებების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხის გაუმჯობესება მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე”, - განაცხადა ვლადიმერ რახმანინმა.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვოიტეკ ბონიასზუკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და თურქეთში აგრობიზნესის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ”საერთაშორისო ბაზარზე ჩაის მძლავრი კონკურენტული გარემოს მიუხედავად, მეურნეობისა და გადამუშავების დონეზე ცოდნასა და ტექნოლოგიაში სწორი ინვესტირებით, აზერბაიჯანული და ქართული ჩაი შესაძლებელია, ხარისხისა და მდგრადობის აღიარებული სიმბოლო გახდეს”

მათივე ცნობით, ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, სამთავრობო უწყებების, კვლევითი ინსტიტუტების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე აზერბაიჯანული და ქართული ჩაის მწარმოებლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system