თავში

ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო საქართველოს - ვაზილ ჰუდაკი

ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო საქართველოს - ვაზილ ჰუდაკი
ჩემთვის დიდი პატივია, ვემსახურო საქართველოს - ვაზილ ჰუდაკი

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა უკვე ახალ რანგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის," - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

ჰუდაკის განმარტებით, კოვიდპანდემიამ მსოფლიო ეკონომიკაში რთული ვითარება შექმნა, თუმცა, მისი თქმით, ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო არის ძალიან ახლოს ჩემს გულთან და როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში, ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის უმსხვილესი ინვესტორი საქართველოში და საქართველოს ეკონომიკაში. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა უკვე ახალ რანგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისთვის.

ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა ერთად, ევროპაში, გლობალურად, კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს უკეთესი ხარისხი შევქმნათ, შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში. უკვე ბრძანა ბატონმა პრემიერმა, რომ ევროკომისიის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვარ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით. ეს არის გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტი“, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ჰუდაკის ამოცანაა საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.

ცნობისთვის, ვაზილ ჰუდაკი პრემიერის საინვესტიციო მრჩეველი (FDI-მრჩეველი) დღეს გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პოსტზე ის დღეს წარადგინა. ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ღარიბაშვილის ახლადდანიშნულ საინვესტიციო მრჩეველს, ნახეთ აქ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების  მოზიდვის საკითხებში მრჩეველი (FDI-მრჩეველი) აქამდე არ ჰყოლია. რატომ დასჭირდა ღარიბაშვილს საინვესტიციო მრჩეველი, გაიგეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system