თავში

ჭიათურაში ჩაის წარმოება განახლდა

ჭიათურაში ჩაის წარმოება განახლდა
ჭიათურაში ჩაის წარმოება განახლდა

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ფერმერებმა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და წარმოება სახელმწიფო პროგრამების საშუალებით მოახერხეს. ერთ-ერთი ასეთი ჭიათურაში, სოფელ ქაციხეში მდებარე ჩაის საწარმოა, რომელიც გამოშვებული პროდუქტით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს და ცოტას - ექსპორტზეც ჰყიდის. 

მეწარმე ტარიელ ჩუბინიძე ამბობს, რომ ყველა რეგიონში ყველა წინაპირობაა, მეჩაიეობა სექტორი მოწინავე დარგი გახდეს.

,,ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია მოვახდინეთ და სოფელმაც ამოისუნთქა. ეს არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფერმერის დახმარება, არამედ მთელი სოფლის საჩუქარი, ხალხს შემოსავალი გაუჩნდა. წლების განმავლობაში ქაციხის მოსახლეობა ჩაიზე იყო დამოკიდებული, ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენდა და 90-იან წლებში ეს კულტურა ფაქტობრივად გაქრა. ახლა სახელმწიფო დაფინანსების საშუალებით ხერხდება, რომ თითქმის მივიწყებული ტრადიცია აღვადგინოთ და დოვლათი შევქმნათ. მინი ქარხანა გვაქვს აშენებული, სადაც სეზონზე 80 ადამიანია დასაქმებული, ხოლო 15-ს მუდმივი სამუშაო აქვს. გარდა იმისა, რომ გავერანებული პლანტაციის რეაბილიტაცია მოვახდინეთ, პროექტების მართვის სააგენტო ტექნიკა-დანადგარის შეძენაშიც დაგვეხმარა. თითო როლერი (ჩაის საგრეხი) ერთ ჯერზე დაახლოებით 50 კგ. ჩაის დამუშავებას ახდენს, ვაპირებთ, რომ შევიძინოთ მეორე დანადგარი, რათა სიმძლავრე გავაძლიეროთ", - ამბობს ჩუბინიძე.

რაც შეეხება რეაბილიტირებულ ფართობს, ფერმერის ინფორმაციით, 10 ჰა-ს მოიცავს, საიდანაც 2-3 წელიწადში 5-6 ტონა მოსავალი შეიძლება მიიღოს. გარდა ამისა, 2,5 ჰა საკუთარი სახსრებით აღდგენილი პლანტაციაა, რომელიც პროგრამაში არ არის ჩართული. 

ჩუბინიძის თქმით, ქაციხის ჩაი მცირე პარტიებით უკვე გავიდა თურქეთსა და ჩეხეთში. 

,,ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ცხადია, მიგრაციასაც შეეწყობა ხელი, რადგან  ხალხი ჩაის საკრეფად თურქეთში გარბოდა. ახლა ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა გაჩნდა და მუშა-ხელი ქვეყნიდან არ წავა. ამით სოფელსაც ეშველება და ქვეყანასაც“, - ამბობს ფერმერი.

საქართველოს მასშტაბით, პროგრამაში „ქართული ჩაი“ 49 ბენეფიციარია ჩართული. სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,551,642 ლარია, საიდანაც 1,775,488 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system