თავში

Covered Bond-ს საქართველოშიც გამოუშვებენ

Covered Bond-ს საქართველოშიც გამოუშვებენ
Covered Bond-ს საქართველოშიც გამოუშვებენ

ეროვნული ბანკი წელს ახალი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომლის საფუძველზე საქართველოში შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი ობლიგაციის სპეციალური სახის, Covered Bond-ის გამოშვება.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი ობლიგაცია მაქსიმალურად დაიცავს ინვესტორის ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, კომერციულ ბანკს მისცემს წვდომას ალტერნატიულ ლიკვიდურ სახსრებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს სესხების გასაცემად და სხვა ოპერაციების დასაფინანსებლად.

კანონპროექტით, ასევე შესაძლებელი იქნება კომერციული ბანკების თანამონაწილეობით სპეციალური სუბიექტის, რეფინანსირების კომპანიის ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლება უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება კომერციული ბანკების კრედიტორული მოთხოვნების (სესხების) აკუმულირების საფუძველზე.

ცნობისთვის, Covered Bond-ების უზრუნველყოფა ხდება კომერციული ბანკის კრედიტორული მოთხოვნებით (ძირითადად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხებით), რომლებიც კანონის ძალით გაიმიჯნება ბანკის სხვა აქტივებისგან და რომელთა იძულებით აღსასრულებლად მიქცევაც მხოლოდ ობლიგაციონერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იქნება შესაძლებელი.

Covered Bond-ი საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე კეთილსაიმედო საბანკო პროდუქტად ითვლება.

საქართველოში არ არსებობს სპეციალური საკანონმდებლო რეჟიმი, რომელიც დაარეგულირებდა უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვებას. 

შეგახსენებთ, უზრუნველყოფილი ობლიგაცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც უზრუნველყოფილია მატერიალური ქონებით ან სხვა ფასიანი ქაღალდებით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილია თვით სააქციო საზოგადოების და მისი ფილიალების აქციებით. მატერიალური ქონებით უზრუნველყოფილი ობლიგაციების სახეებია:

ა) პირველი გირავნობის ობლიგაცია, რომელიც სააქციო საზოგადოების მთელი ქონებითა და სამომავლო შენაძენითაც არის უზრუნველყოფილი. არსებულ ქონებაზე ფიქსირებული თანხა, ხოლო სამომავლო შენაძენზე „მცოცავი“ თანხები გაიცემა;
ბ) მეორეხარისხოვანი, ანუ საერთო გირავნობის ობლიგაციები. მათი უზრუნველყოფა ხდება სააქციო საზოგადოების ქონების იმ ნაწილით, რაც პირველი გირავნობის ობლიგაციების უზრუნველყოფის შემდეგ რჩება (ფილიალების ქონება და სხვ.), შესაბამისად უზრუნველყოფა არც ისე საიმედოა, რის გამოც პროცენტი პირველ გირავნობის ობლიგაციაზე მეტია;
გ) ობლიგაცია, რომელთა ნაწილი სააქციო საზოგადოების ქონებაა, ხოლო ნაწილი - ფასიანი ქაღალდებით არის უზრუნველყოფილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system