თავში

covid-19-ის გამო ენერგეტიკული რეფორმა გვიანდება

covid-19-ის გამო ენერგეტიკული რეფორმა გვიანდება
covid-19-ის გამო ენერგეტიკული რეფორმა გვიანდება

ენერგეტიკოს გია არაბიძის განცხადებით, ეპიდემიის გამო ენერგეტიკული პროექტები ჭიანურდება, განსაკუთრებით ენერგეტიკული ბირჟა და მასთან დაკავშირებული პროცესები. თუმცა, ენერგეტიკოსის მტკიცებით, ეს ფაქტორი ენერგეტიკის სფეროს საქმიანობაზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს. 

,,ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება სერიოზულ პრობლემას არ გამოიწვევს. ეს აზრი ისედაც მწიფდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. პანდემიის გამო სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. პრობლემა არ შეიქმნება, უბრალოდ რეფორმა დაგვიანდება. ცვლილება ძირითადად ენერგეტიკულ ბირჟასა და მის თანმხლებ კომპონენტებთან დაკავშირებითაა. მათ შორის, ,,თელასის" სამ ნაწილად გაყოფა, ,,ენერგო პრო ჯორჯიას" გაყოფა, გადაცემა-განაწილება, დისტრიბუციის საკითხები და სხვა. ეს პროცესები შენელდება, სხვა დანარჩენი ჩვეულებრივ გაგრძელდება. მოსახლეობისა და ქვეყნისთვის ეს არ იქნება მტკივნეული პროცესი. ცხადია, მნიშვნელოვანი იყო ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რადგან ტარიფების საკითხიც უფრო დალაგდებოდა. ფაქტობრივად ყველაფერი მომზადებული იყო, მაგრამ ამ მხრივ covid-19-მა საკმაოდ ნეგატიური როლი შეასრულა", - ამბობს არაბიძე report.ge-თან.

ენერგეტიკოსების ნაწილი კი საუბრობს იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც ენერგეტიკულ ბირჟას უნდა შეესრულებინა. პირველ რიგში ეს ეხება კონკურენციის საკითხს. როგორც ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე report.ge-თან აღნიშნავს, ეს იყო კონკურენციის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი, რაც საბოლოოდ ინვესტიციებზეც აისახებოდა.

,,ენერგეტიკული ბირჟის შექმნით საქართველოში ენერგეტიკული პროცესები გახდება უფრო გამჭვირვალე, რაც სავარაუდოდ, ინვესტიციებზეც დადებითად იმოქმედებდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ პროცესის დაგვიანება დიდად დაგვაზარალებს, თუმცა თვითონ ელექტრონული ბირჟა, არის ძალიან კარგი, თანამედროვე მექანიზმი, რომელიც სექტორის განვითარებისთვის დადებითია. პირველ რიგში, გარემო უფრო კონკურენტული უნდა გახდეს, ეს აუცილებელია, რათა ხარისხი და ფასები უფრო ნორმალური და კარგი იყოს. თუმცა სანამ ენერგეტიკული ბირჟა ამუშავდება, უნდა დასტაბილურდეს ელექტროენერგიის მოხმარება და გამომუშავებაც, რისთვისაც ქვეყანა ჯერჯერობით არ არის მზად", - ამბობს ენერგეტიკოსი.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება შეიძლება გადავადდეს. ,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბირჟა 1-ლი ივლისიდან სრულად ამოქმედდეს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან თავად კომპანიებიც“, - ამის შესახებ აცხადებს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა.

საქმე ისაა, რომ ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ნაწილის განმარტებით, პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და კომპანიების ნაწილი რეფორმის დროებით გადავადებას ითხოვენ, არადა ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ფარგლებში, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წელს 1-ლი ივლისიდანაა დაგეგმილი. 

ცოტა ხნის წინ სპეციალისტები report.ge-თან საუბრობდნენ, თუ რა რისკი შეიძლება ახლდეს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებას. ანალიტიკოს ანდრია გვიდიანის შეფასებით, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ პოლიტიკაში, რასაც ჰქვია კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა. გვიდიანი აღნიშნავს, რომ, ზოგადად, მნიშვნელოვანია ბირჟის კონცეფცია, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების მოდელზეა დაფუძნებული და, შესაბამისად, ეს იწვევს კონკურენციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system