თავში

COVID-19-ის გავლენა ღვინის მარნებზე

COVID-19-ის გავლენა ღვინის მარნებზე
COVID-19-ის გავლენა ღვინის მარნებზე

ტურისტული ბიზნესიდან ღვინის მარნებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ. მეწარმეები ამბობენ, რომ შიდა ტურიზმის იმედად დარჩნენ. თუმცა დიდად ვერც ეს ამართლებს, რადგან ქართულ კურორტებზე თითქმის მასიურად დამსვენებლების სიმცირეს უჩივიან. ღვინის მარნების საქმიანობის შესახებ ქვეყნის გარეთ ინფორმაცია ძირითადად მხოლოდ შემომყვან ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ჰქონდათ და მეტწილად უცხოელი ტურისტების ნაკადებზე იყვნენ დამოკიდებული. 

ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ,,ასლანიკაშვილის მცირე მარნის" მფლობელი ვახტანგ ასლანიკაშვილი report.ge-თან ამბობს, რომ ძირითადად უცხოელ ტურისტებზე დამოკიდებული ბიზნესი დიდ განსაცდელშია.

,,ჩვენი მარანი არსებობდა ღვინის დეგუსტაციის ხარჯზე. ძირითადი მომხმარებლები უცხოელი ტურისტები იყვნენ, რომელთაგან ზოგიერთი ოჯახით გვსტუმრობდა. რამდენიმე შეკვეთა ჯერ კიდევ წინა სეზონზე მივიღე, მაგრამ ეპიდემიის გამო ყველა გეგმა ჩაგვივარდა. წელს არც ერთი შეკვეთა არ მიგვიღია. კერძო სექტორის ორგანიზებით შიდა ტურიზმის მხარდამჭერ პროგრამაში ჩაგვსვეს და ვიმედოვნებთ, რომ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შევძლებთ სტუმრების მოზიდვას, დამოუკიდებლად, ჩვენი ბიუჯეტით ამას ვერაფრით გავაკეთებდით. ჯერაც მოლოდინში ვართ, არ ვიცი, რა გამოგვიყვანს კრიზისიდან, რაც პანდემიამ შექმნა", - ამბობს მეწარმე.

კახეთში და კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში ტურიზმი ძირითადად ღვინის კუთხით ვითარდება. ყველაზე პოპულარული აქაც საოჯახო ტიპის მარნებია. მე-16 საუკუნის გვიან ფეოდალური ხანის ველისციხის მარან-მუზეუმ ,,ნუმისის “ მფლობელი  ნუნუ კარდენახლიშვილი აღნიშნავს, რომ covid-19-მა ლამის დახურვამდე მიიყვანა. 

,,მუზეუმი დაახლოებით 15 ათასამდე ნივთსა და ისტორიულ-არქეულოგიურ ინვენტარს მოიცავს და ყოველწლიურად ათასობით სტუმარს მასპინძლობდა. თუმცა ეს მხოლოდ კორონამდე იყო. აწყობილი ბიზნესი ფაქტობრივად ჩაიძირა, ეპიდემიისგან დიდი დარტყმა მივიღეთ, საერთოდ დახურვის პირას მივედით. ახლა შიდა ტურისტების იმედად ვართ, რამდენიმე შეკვეთა მივიღეთ და იმედი ჩაგვესახა. ვფიქრობთ, რომ პრობლემას დავძლებთ, თუმცა გადარჩენისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ“, - ამბობს ნუნუ კარდენახიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system