თავში

covid-19-მა საგარეო-სავაჭრო კავშირები რადიკალურად შეცვალა

covid-19-მა საგარეო-სავაჭრო კავშირები რადიკალურად შეცვალა
covid-19-მა საგარეო-სავაჭრო კავშირები რადიკალურად შეცვალა

covid-19-მა საქართველოს სავაჭრო ეკონომიკური კავშირები საგრძნობლად შეასუსტა, თუმცა ახალი პერსპექტივების შექმნასაც ხელი შეუწყო. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, საქართველოს მოუწევს განსაკუთრებული ძალისხმევა თავისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის დასასაბუთებლად და გასამყარებლად მსოფლიო ბაზრებზე, რის პოზიტიური ნიშნებიც უკვე შეინიშნება. 

,,2020 წელს სერიოზული პრობლემა შეექმნა ათაეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სამეურნეო კავშირებს, ეკონომიკურ ჯაჭვს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას  პროდუქციის მიწოდების მხრივ, ერთმანეთთან აკავშირებდა, გაირღვა. პანდემიამ ჩაკეტა საზღვრები, ეკონომიკური კავშირები შესუსტდა და სამურნეო კავშირის რგოლები ბევრ ადგილას ჩაჭრა. ახლა, 2021 წელს, ვფიქრობ, დიდი ყურადღება დაეთმობა ძველი კავშირების აღდგენას. როცა კრიზისის დაძლევაზე ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ მაკროეკონომიკური კავშირების დაძლევა არ არის, ეს არის იმ ჩაშლილი ურთიერთობების და გაშავებული კავშირების აღდგენა, რისი მომსწრეც 2020 წელს გავხდით.  ასეთ პირობებში საქართველოს მოუწევს განსაკუთრებული ძალისხმევა თავისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის  გასამყარებლად გლობალურ ბაზრებზე, რა მხრივაც საკმაოდ პოზიტიური ნიშნებია. თუმცა კრიზისული წელია და კონკურენცია სამომავლოდაც გაგრძელდება. მოდუნების საშუალება ჩვენს ექსპორტიორებს არ ექნებათ და ამ გამოწვევას როგორმე უნდა გაართვან თავი", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

სტატისტიკოსი მთავარ აქცენტს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და სოფლის მეურნეობის როლის გაძლიერებაზე აკეთებს. მისი თქმით, აგრარული სფერო უნდა გახდეს საქართველოს რეალური სექტორის განვითარებისთვის ერთ-ერთი სერიოზული ნიშის მატარებელი.

,,აგრარული პროდუქციის მიხედვით გარკვეული წინსვლა გვაქვს, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში, ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა, თანაც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სოფლის მეურნეობაში სერიოზული ინვესტიციები ახლა დაიწყო. ვფიქრობ, უახლოეს 2-3 წელიწადში იგი სასურველ შედეგს მოიტანს.  ეროვნული თავმოყვარეობის საკითხიც არის, როდესაც ყოველწლიურად ჩვენ თითქმის 500 მლნ დოლარით მეტი აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს, ცალსახად ცუდია. გადამამუშავებელი მრეწველობა სათანადო სიმაღლეზე რომ იყოს, 500 მლნ დოლარი საქართველოში დარჩებოდა და ადვილად წარმოსადგენია, რა ეფექტს მოახდენდა ლარის კურსზე, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა და მოსახლეობის კეთილდღეობა გაუმჯობესდებოდა, ამიტომ მთელი ყურადღება აგრარული სექტორის განვითარებისკენ უნდა მივმართოთ"- აცხადებს report.ge-თან სოსო არჩვაძე. 

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 202.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.6 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 3 016.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (11.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7 186.3 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system