თავში

COVID-ბიუჯეტი 2021 წლისთვის 400 მლნ ლარზეა დაგეგმილი

COVID-ბიუჯეტი 2021 წლისთვის 400 მლნ ლარზეა დაგეგმილი
COVID-ბიუჯეტი 2021 წლისთვის 400 მლნ ლარზეა დაგეგმილი

სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით COVID ბიუჯეტი 2020 წელს 239 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო 2021 წლისთვის 400 მლნ ლარზეა დაგეგმილი.

ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში COVID-19 პანდემიის სამართავად გამოყოფილი თანხები 239 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც, 9 დეკემბრის მდგომარეობით, 90% ათვისებულია, ხოლო გასახარჯია 25,1მლნ ლარი. 

რაც შეეხება მომავალი წლის COVID-ბიუჯეტს, გაისად  კოვიდ-ღონისძიებებზე გათვლილი 400 მილიონიდან, ყველაზე მეტი,  107.1-ის დახარჯვა დაგეგმილია ტესტებზე, მედიკამენტებზე, ტექნიკაზე, ტრანსპორტსა და სხვა ტიპის მომსახურების შესყიდვაზე.

74.0 მლნ ლარი მოხმარდება საკარანტინე სივრცეებს, ცხელების კლინიკებსა და ბინაზე პაციენტების მართვას, მონიტორინგსა და სამედიცინო მომსახურებას.

37.1 მლნ ლარია გათვალისწინებული ტესტირებაზე, სპეც.აღჭურვილობასა და სხვა სამედიცინო სახარჯი მასალის შესაძენად.

 COVID-19 ვაქცინისთვის კი  18.0 მლნ ლარია გათვლილი.

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ტესტირების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა კვლავ არასაკმარისია ყველა დაინფიცირებულის გამოსავლენად. მათივე განმარტებით, ტესტების დადებითობის მაჩვენებელი საუკეთესო ინდიკატორია იმის შესაფასებლად თუ რამდენად საკმარისია არსებული ტესტირების მოცულობა. 

"მაღალი დადებითობის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ინფიცირებულების დიდი ნაწილის გამოვლენა ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ 100,000 მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობა საქართველოში მაღალია, ნოემბრის თვის მეორე ნახევარში დადებითობის მაჩვენებელმა 30%-ს გადააჭარბა, რაც ნიშნავს რომ ინფიცირებულების რაოდენობა აღემატება ოფიციალურ სტატისტიკას. აღსანიშნავია, რომ 9 დეკემბრის მონაცემებით დღიურმა ტესტების რაოდენობამ 20,000-ს გადააჭარბა, რაც სავარაუდოდ, შეამცირებს დადებითობის მაჩვენებელს," - ვკითხულობთ Galt&Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ COVID სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1%-ზე ნაკლებია, რაც დაბალი მაჩვენებელია ევრაზიის ქვეყნებთან შედარებით.

ჯანდაცვის ექსპერტთა შეფასებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია, რაც შეამსუბუქებს ტვირთს ჰოსპიტალურ სექტორზე. სექტორის მიმოხილვის მიხედვით, COVID-ის 179.0 ათასი დადასტურებული ჯამური შემთხვევიდან 29.0 ათასი არის აქტიური და მათი 25% არის ჰოსპიტალიზებული 10 დეკემბრის მდგომარეობით. სპეციალისტების შეფასებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საქართველოში (25%) მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (5-10%). 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, შემთხვევების 87% არის უსიმპტომო ან საშუალო სიმძიმის, ანუ არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, 11% არის მძიმე და 2% კრიტიკული. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საჯარო განცხადებების თანახმად, გეგმაშია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის 15%-მდე შემცირება, რაც, ჯანდაცვის ექსპერთა მოლოდინით, შეამსუბუქებს ტვირთს სექტორზე. ჰოსპიტალიზაციის შემცირება კი გაზრდის თავისუფალი საწოლების რაოდენობას, თუმცა, ექსპერტების პროგნოზით, ტვირთი გადაინაცვლებს პირველად ჯანდაცვაზე. 


ჯანდაცვის სექტორის კვლევის მიხედვით, 10 დეკემბრის მდგომარეობით, 7.2 ათასი საწოლია მობილიზებული COVID პაციენტებისთვის. 25%-იანი ჰოსპიტალიზაციის პირობებში დატვირთვა საავადმყოფო სექტორზე მაღალია (დაკავებულია საწოლების 95%). მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ თუ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შემცირდება 15%-მდე, გათავისუფლდება 2.9 ათასი საწოლი. ამ შემთხვევაში, ექსპერტების პროგნოზით, ტვირთი გადავა პირველადი ჯანდაცვის რგოლზე, რომელიც იქნება პასუხისმგებელი კრიტიკური შემთხვევების სწორ იდენტიფიკაციაზე, სახლში/სასტუმროში მყოფი პაციენტების მონიტორინგსა და მკურნალობაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system