თავში

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება იგეგმება

​დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება იგეგმება
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება იგეგმება

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება იგეგმება. საპენსიო სააგენტო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე მუშაობს, რა პროცესშიც სააგენტო რეკომენდაციების მისაღებად საინვესტიციო საბჭოს მიმართავს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომში არაა დაზუსტებული, რა ცვლილებაზეა საუბარი. საპენსიო სააგენტოს დირექტორის, გიორგი დანელიას, განმარტებით, ცვლილებება ძირითადად პროცედურულ და ტექნიკურ ნაწილებს შეეხება და დაგროვებითი პენსიის სისტემაში შინაარსობრივად არაფერი იცვლება. მომზადებული კანონპროექტი არაერთი ასოციაციის, მათ შორის ბუღალტერთა ასოციაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

“ახლახანს გვქონდა შეხვედრები ბუღალტერთა კავშირთან და მათგან საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციები მოვისიმინეთ თუ როგორ შეიძლება ჩვენი პროცესების საოპერაციო ნაწილის უფრო დახვეწა. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ტექნიკური ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს საქმიანობაში და ეს უნდა ავსახოთ ასევე კანონმდებლობაში, რომლითაც რეგულირდება ჩვენი საქმიანობა და სწორედ ამას ისახავს ეს ცვლილებები მიზნად. კანონის ყველა ის ნაწილი, რომელიც ეხება რისკის მართვას და საინვესტიციო პოლიტიკას რჩება უცვლელი", - განაცხადა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში გიორგი დანელიამ.

საპენსიო სააგენტოს 12 აპრილის მონაცემებით, საპენსიო აქტივების მოცულობა 1.37 მლრდ ლარია, აქედან დარიცხული სარგებელი 140 მლნ ლარს აღწევს. სულ სქემაში 1,137,380 ადამიანია ჩართული, კერძო ორგანიზაციათა რაოდენობა 74,646. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 765 -მა ადამიანმა. მოქალაქეთა დაზოგილი თანხის 70% კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული, 30% კი ქართული ბანკების მიმდინარე დეპოზიტებს წარმოადგენს.

საქართველოში საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს. სისტემაში მონაწილეობა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულოა, 40 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ნებაყოფილობითი. საპენსიო სისტემაში ჩართული თითოეული მოქალაქის ხელფასიდან 6% ირიცხება: დასაქმებული საპენსიო ფონდში რიცხავს საკუთარი ხელფასის 2%-ს, 2% ირიცხება დამსაქმებლის მიერ, ამას კი სახელმწიფოც ამატებს  2%-ს.

საქართველოში საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა რამდენიმე საფეხურად იყოფა, ესენია:
1) პირველი საფეხური - საყოველთაო სახელმწიფო ასაკობრივი პენსია, რომელსაც კაცები 65 წლიდან და ქალები 60 წლიდან იღებენ განურჩევლად მათი სამუშაო სტაჟისა. ამჟამად საბაზო პენსია 220 ლარია;
2) მეორე საფეხური - სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელსაც ბენეფიციარები პირველი საფეხურის პენსიასთან ერთად აიღებენ. სავალდებულო დაგროვებით სისტემაში მონაწილეოაბ 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულოა, 40 წელს ზევით კი სრულად ნებაყოფლობითი. ამ სისტემით დასაქმებული იხდის საკუთარი ხელფასის 2%-ს, დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის 2%-ს და სახელმწიფო კი დასაქმებულის 2%-ს მიმართავს. სისტემაში 1 მილიონი ადამიანი მონაწილეობს, ჯამურად ფონდის მოცულობა კი 950 მლნ ლარს შეადგენს.
3) სრულად ნებაყოფლობითი საპენსიო სქემა, რომელსაც კერძო კომპანიები სთავაზობენ საკუთარ თანამშრომლებს. ამ საფეხურის განვითარებაზე არის საუბარი კანონპროექტით.

საქართველოს სულ 783 705 პენსიონერი ჰყავს. 2021 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პენსიები გაიზარდა: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 20 ლარით და გახდა 240 ლარი;

70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია გაიზარდა 25 ლარით და გახდა 275 ლარის ოდენობით;

მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები იღებენ სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%). შესაბამისად პენსია მთაში 2021 წლიდან გახდა 288 ლარი, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარი.

პენსიები 20 ლარით 2020 წელსაც გაიზარდა, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის - 50 ლარით.

ქვეყანაში ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმი, რაც ნიშნავს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით პენსიების ყოველწლიურ გარანტირებულ ზრდას ნიშნავს. 

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 30%-ია.  იყო საუბარი, რომ პენსიონერთა სესხებზე პროცენტი გადაიხედებოდა, თუმცა, საკითხოს განხილვის შემდეგ, გადაწყდა, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი აღარ შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე ამბობს, რომ 2012 წლიდან დღემდე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 200%-იდან 33%-მდე ჩამოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system