თავში

დასაქმებულთა რა უფლებები ირღვევა ყველაზე მეტად

დასაქმებულთა რა უფლებები ირღვევა ყველაზე მეტად
დასაქმებულთა რა უფლებები ირღვევა ყველაზე მეტად

დაბალი შრომის ანაზღაურება, დამატებითი სამუშაოს შესრულება და დატვირთული გრაფიკი მცირე ჩამონათვალია იმ უამრავი უფლებიდან, რასაც დამსაქმებლები არღვევენ. ყველაზე მეტად პრობლემას ტექსტილისა და სავაჭრო სექტორში დასაქმებულები აწყდებიან. ამას ადასტურებს წინა წელს ,,გაერთიანებული პროფკავშირების" მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, დარღვევები თითქმის მასიურადაა და დასაქმებულებს საკუთარი უფლებების დაცვის მცდელობაც კი არ აქვთ სამსახურის დაკარგვის შიშით. აღნიშნულთან დაკავშირებით report.ge-თან ,,გაერთიანებული პროფკავშირების" ეკონომიკური ანალიტიკოსი გიორგი ჭანტურიძე საუბრობს. 

,,ჩვენს ორგანიზაციას  ამ სფეროში დასაქმებულებთან მუდმივად აქვს კომუნიკაცია. შემიძლია გითხრათ, რომ მდგომარეობა არც ამჯერად შეცვლილა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს პრობლემა ტექსტილის სფეროში, ყველაზე მეტად აქ უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება. თუმცა სავაჭრო სექტორშიც ნაკლები პრობლემა არ არის. მოლარეებს და კონსულტანტებს ხშირად ისეთი სამუშაოს შესრულება უწევთ, რომელიც წესით არ შედის მათ მოვალეობაში, მაგალითად, დამლაგებლის ფუნქციის შეთავსება. ჯერ ერთი, კონსულტანტის ფუნქციაში ეს არ უნდა შედიოდეს და არც ხელშეკრულებაში  აქვთ ეს მითითებ, შესასრულებელი სამუშაო კი ანაზღაურების არაადეკვატურია. მთლიანად ქვეყანაში შრომის ბაზრის პრობლემაა, რადგან მაღალი უმუშევრობაა. თუკი ვინმე ჩივის დამსაქმებლის წინააღმდეგ, მხოლოდ მაშინ, თუკი უსამართლოდ გაათავისუფლებენ. მანამდე კი, სამსახურის დაკარგვის შიშით, თავისი უფლებების ხმამაღლა დაცვას ყველა ერიდება, თუნდაც რომ ჩვენ მოგვმართოს", - ამბიობს გიორგი ჭანტურიძე.

მისი თქმით, იმედია, რომ ,,შრომის კოდექსი" მდგომარეობას ამ მხრივ გააუმჯობესებს, მაქსიმალური სამუშაო საათები შემცირდება და ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით ანაზღაურების პირობები გადაიხედება. ცხადია, მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის როლი, რათა სამუშაო გარემოში კონტროლი გამკაცრდეს. 

,,გაერთიანებული პროფკავშირების" კვლევის მიხედვით, კვირის განმავლობაში საშუალოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა სამივე სექტორში აღემატება შრომის კოდექსით დადგენილ ოდენობას და შეადგენს: ტექსტილის წარმოებაში - 52,2 საათს, სავაჭრო ქსელში - 48,6 საათს, ხოლო სუპერმარკეტებში - 54,4 საათს. ხელზე ასაღები საშუალო ხელფასი ტექსტილის წარმოებაში შეადგენს 346 ლარს. სავაჭრო ქსელში 537 ლარს, ხოლო სუპერმარკეტებში 437 ლარს. შესაბამისად საშუალოდ დარიცხული ხელფასი შეადგენს: ტექსტილის წარმოებაში 432,5 ლარს, სავაჭრო ქსელში 671,2 ლარს, ხოლო სუპერმარკეტებში 546,2 ლარს. აღნიშნული ხელფასები ეროვნულ საშუალო ხელფასთან მიმართებით შეადგენს შესაბამისად 40,5%, 62,9% და 51,1%-ს. სამივე სექტორში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს უწევს ძირითად სამუშაოსთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ შედის მათ ძირითად მოვალეობაში. ასეთი სამუშაოს შესრულება ტექსტილის სექტორში უწევს 73,6%-ს, სავაჭრო ქსელში 63,9%-ს, ხოლო სუპერმარკეტებში 79,5%-ს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system