თავში

დავების გადაწყვეტაში საქართველო რეგიონულ ჰაბობას ცდილობს

დავების გადაწყვეტაში საქართველო რეგიონულ ჰაბობას ცდილობს
დავების გადაწყვეტაში საქართველო რეგიონულ ჰაბობას ცდილობს

"სავაჭრო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი აქტიურად აგრძელებს დავის გადაწყვეტის მექანიზმების განვითარებასა და პოპულარიზაციას," - ამის შესახებ report.ge-ს სავაჭრო პალატიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, საარბიტრაჟო ცენტრი უკვე მე-6 წელია საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო დღეებს მართავს და რამდენიმე დღიანი კონფერენცია, რეგიონის მასშტაბით ჩამოყალიბდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ამ სფეროში. 

"წლიდან წლამდე საარბიტრაჟო დღეების მონაწილეთა რაოდენობა იზრდებოდა. ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს აყალიბებს რეგიონის ერთგვარ ცენტრად დავების გადაწყვეტის სფეროში. საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს არაერთი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ონლაინ ვებინარის სერიების სახით ჩატარდება ნოემბრის ბოლომდე",-აცხადებს საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია.

მისივე თქმით, პირველი ღონისძიება 23 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოსთან (ICCA) ერთად გამართა. კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო მსოფლიოში უდიდესი და გავლენიანი პროფესიული გაერთიანებაა, რომლის ეგიდით ორ წელიწადში ერთხელ არბიტრაჟის კონგრესი ტარდება.

,,23 ოქტომბერს გამართული ონლაინ ღონისძიების თემატიკა ძალიან აქტუალურია და გამომდინარეობს დღევანდელი რეალობიდან, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ საარბიტრაჟო დავებში მხარეების წარმოდგენა ეფექტურად მაშინ, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდულია გადაადგილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. საარბიტრაჟო დღეების ფარგლებში შემდგომი ღონისძიებები იქნება შინაარსობრივად საინტერესო და აქტუალური. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო და ცნობილ ინსტიტუტებთან ერთობლივი ღონისძიების გამართვის მიზნით. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს ადგილობრივი პრაქტიკოსებს გაიგონ მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებისა და ტენდეციების შესახებ , მივაწვდინოთ ხმა უცხოელ დაინტერესებულ მხარეებს საქართველოსა და რეგიონში ამ სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ",- აცხადებს საქართველოში საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი. მისივე განმარტებით, დასკვნითი ღონისძიება 24 ნოემბერს ჩატარდება, სადაც პრეზენტაციას წარმოადგენს საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესორი.

,,ყოველივე ეს მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ლიდერად დავების გადაწყვეტის მექანიზმებში და იტვირთოს ერთგვარი რეგიონული ჰაბის ფუნქცია. თავის მხრივ, ბიზნეს დავების არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტის სტატისტიკა და მიმართვიანობა იზრდება, რაც ბიზნესის მიერ არბიტრაჟისადმი ნდობის გაზრდაზე მეტყველებს", - აცხადებს ბექა ინჯია.

ცნობისთვის, საქართველოში კომერციულ დავებში სისწრაფე და ხარისხი ისევ გამოწვევაა. როგორ მუშაობს არბიტრაჟი საქართველოში ნახეთ აქ. 

შეგახსენებთ, საქართველოში არბიტრაჟის შესახებ კანონის მიღებიდან 10 წელი გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system