თავში

დემპინგი მცირე და საშუალო პროვაიდერებსაც აწუხებთ

დემპინგი მცირე და საშუალო პროვაიდერებსაც აწუხებთ
დემპინგი მცირე და საშუალო პროვაიდერებსაც აწუხებთ

მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, მსხვილ ინტერნეტპროვაიდერებთან კონკურენციის გაწევა პროვაიდერებისთის დემპინგური ფასის გამო უფრო და უფრო ჭირს. მიუხედავად ამისა, როგორც მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური report.ge-თან აღნიშნავს, ზრდადია როგორც პროვაიდერების რაოდენობა, ასევე მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი, რომელიც სამომავლოდ კიდევ გაუმჯობესდება. სეთურის ინფორმაციით, მცირე და საშუალო კომპანიების ფიქსირებულ აბონენტებს ბაზრის 12% უჭირავს. რაც შეეხება ტარიფს, აღნიშნული სეგმენტის მომსახურების საფასური საშუალოდ 20 ლარის ფარგლებშია. როგორც სეთური ამბობს, ცვლილება ამ მიმართულებით მცირე ინტერნეტპროვაიდერებს, ისედაც დაბალი ტარიფების გამო, არ განუხორციელებიათ. 

ამ ეტაპზე ოპერატორების რაოდენობა ჯამში 150-ს აღწევს. აქედან, როგორც უჩა სეთური აღნიშნავს, 70 საშუალო კომპანიაა, დანარჩენი  80 მიკრო ორგანიზაცია. სექტორის მთავარ გამოწვევად იგი მონოპლისტი კომპანიების მხრიდან კანონის აღსრულებას მიიჩნევს და ამბობს, რომ  ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი პირობებია, რაც მათი საქმიანობის შედეგზე ნეგატიურად აისახება.

,სიმძლავრეები გაზრდილია და ხარისხის მხრივ წინ მივდივართ, რაც კარგია. თუმცა არის დიდი კომპანიების მხრიდან დემპინგი, თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ფასად სთავაზობენ სერვისებს მომხმარებელს. მაგალითისთვის, როცა ინტერნეტი და ტელევიზია თბილისში ღირს, დავუშვათ, 49 ლარი, ანალოგიური შეთავაზება რეგიონებში შეიძლება 28 ლარი ღირდეს. ცხადია, ასეთი ტარიფი მომხმარებლისთვის მისაღებია, მაგრამ ჩვენ სერიოზულ დაბრკოლებას გვიქმნის. კონკურენციის დიდი პრობლემაა. მართალია, მსხვილი ოპერატორები თავიანთ გადაწყვეტილებას ამართლებენ იმით, რომ დროებითი შეთავაზებაა და აქციის სახეს ატარებს, მაგრამ არაფერი იცვლება და ხშირად იაფი სერვისი ძალაში რჩება, რაც საშუალო და წვრილი ოპერატორების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება. მით უმეტეს, ისეთი რეგიონები აქვთ შერჩეული, სადაც ისინს ჩვენი სეგმენტს მსხვილი ოპერატორების კონკურენტებად მოიაზრებენ. ასეთ შემთხვევაში სხვა რეგიონებთან და თბილისთან შედარებით, მომხმარებელს ნაკლებ ფასს სთავაზობენ", - ამბობს უჩა სეთური.

რაც შეეხება შემოსავლებს, მისი თქმით, ბოლო მონაცემები დათვლილი არ არის და სტატისტიკა არ აქვს, თუმცა ადასტურებს, რომ ეპიდემიიდან გამოწვეული მარალი მოთხოვნის გამო, საშუალო და მცირე კომპანიების შემოსავლებიც გაზრდილია. შემოსავლები 

,,მცირე და საშუალო ოპერატორების მომსახურების სერვისი კონკურენტუნარო პირობების გამო დაბალია, ფასი საშუალო 20 ლარს შეადგენს. ოპტიკებისა და რადიოს შემთხვევაში, სიმძლავრები განსხვავებულია, თუმცა ჩვენი მომსახურება მოიცავს ისეთი სერვისებს, როგორიცაა დაზიანებების აღმოფხვრა, რეაგირება და სხვა, რა მხრივაც ლიდერები ვართ. ხარისხი მასიურად გაუმჯობესებულია და ამ მხრივ რეგიონებსა და დედაქალაქს შორის, დიდი სხვაობა არ არის, ვმუშაობთ ახალ პროექტზე და ხარისხი სამომავლოდ უფრო მეტად დაიხვეწება და რადიკალურად განსხვავებულ შედეგს მივიღებთ", - აცხადებს უჩა სეთური.

მისი თქმით, მცირე და საშუალო ოპერატორების საქმიანობაში პიკი იყო მაის-ივნის-ივლისში, როცა ეპიდემიის გამო ყველა სახლში იჯდა და ონლაინ მუშაობდა. სეთური ასევე აღნიშნავს, რომ  ოპერატორებისთვის არც დღეს არსებული მოცემულობა წარმოადგენს პრობლემას და მზად არიან ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც შეიძლება ეპიდემიის ზრდის მასშტაბს უკავშირდებოდეს. 

რაც შეეხება მსხვილ ინტერნეტპროვაიდერებს, კომუნიკაციების კომისიის თანახმად, ერთი აბონენტის ინტერნეტის საშუალო ტარიფი თვეში 18.26 ლარს შეადგენს, კომერციულ აბონენტის (საშუალო აბონენტის) ტარიფი თვეში 142 ლარია.

წლიურ ჭრილში ფიზიკური პირის ინტერნეტის საშუალო ტარიფი 40 თეთრით, კომერციული აბონენტის ტარიფი კი 13 ლარით არის შემცირებული.

2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავალი 5%-ით გაიზარდა 160 მილიონ ლარს გაუტოლდა. ზრდამ ფულად გამოსახულებაში 8 მილიონი ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system