თავში

დემპინგის ანატომია

დემპინგის ანატომია
დემპინგის ანატომია

 ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმებოდა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წლის ივნისამდე გადავადდა. უწყების განმარტებით, შესაქმნელია კანონის სრულფასოვანი აღსრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსი, რისთვისაც დრო და ფულია გამოსანახი.

ლევან სილაგავას თქმით, ბოლო დროს დემპინგი გაააქტიურეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა გერმანული „ჰაიდელბერგცემენტი“ და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ძალიან მსხვილი დამსაქმებელია. თუ დემპინგის პრობლემა არ მოგვარდა, არაა გამორიცხული წარმოება შეამცირონ და კადრების ნაწილი დაითხოვონ.

"ბოლო განხილვებში ჩვენი ასოციაციის გარდა ჩართული იყო ბიზნესასოციაცია, ევროპული ასოციაცია, დამსაქმებელთა ასოციაცია, დისტრიბუტორთა ასოციაცია – ანუ ყველა ის მსხვილი ასოციაცია და ბიზნესსტრუქტურა, ვისაც ეხება ეს ანტიდემპინგური კანონპროექტი. შესაბამისად, ის კანონპროექტი არის შეჯერებული ვარიანტი უცხოელი ექსპერტების, ევროკავშირის ექსპერტების, ყველა სამთავრობო სტრუქტურის და ბიზნესსაზოგადოების. აქ არის მოძებნილი ბალანსი, რომ იმპორტიორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს შორის იყოს ის ერთობლივი ხედვა, თუ როგორ იმუშავებს ანტიდემპინგური კანონი. სხვა საკითხია, როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი და როგორ გაიწერება სხვადასხვა მეთოდოლოგიები. პროექტში ძალიან ბევრი ფილტრია ჩადებული, რაც იმპორტიორებს ზარალისგან დაიცავს, რადგან ამ ფილტრების მიხედვით, დემპინგის თაობაზე მიმართვა, საქმის აღძვრა და მერე დასკვნის დადება ადვილი არ არის. იმპორტიორებსაც და ადგილობრივ მწარმოებლებსაც თავ-თავისი დაცვის მექანიზმები აქვთ“, – განაცხადა სილაგავამ და დასძინა, რომ უსაფუძვლოა იმპორტიორებში არსებული შიში, რომ ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ადგილობრივ ბიზნესს სასათბურე პირობებში ჩააყენებს, რადგან დემპინგის საქმის აღძვრა საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც ერთი კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ვერ დაიწყება და ფაქტობრივად მთელი დარგის თანხმობა სჭირდება. მეორეს მხრივ, თუ დემპინგში ეჭვმიტანილი იმპორტიორი აღიარებს დემპინგს და შეწყვეტს ამ პრაქტიკას, საქმეც შეწყდება. თუ არ აღიარებს, საქმის წარმოება გაგრძელდება, თუმცა თუ მოკვლევის შედეგად დემპინგი არ დადასტურდა, დაზარალებულ იმპორტიორს კომპენსაცია ეკუთვნის. ამაზე დაყრდნობით, სილაგავას მიაჩნია, რომ ამ კანონის მიხედვით ადგილობრივი წარმოება ადგილობრივ ბაზარზე სასათბურე პირობებში ვერ მოხვდება. 

„ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სსიპ - კონკურენციის სააგენტო იქნება. უწყებამ ახალი სტრუქტურული ერთეული უნდა შექმნას.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე, ლევან კალანდაძე ამბობს, კონკურენციის სააგენტო მზადაა, იყოს ანტიდემპინგური პოლიტიკის თანამონაწილე, მაგრამ მას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ მოემზადოს როგორც ტექნიკური ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით, რომ მომავალი პოლიტიკა სრულფასოვანი იყოს.

"საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქვს აღებული ვალდებულება, რომ ანტიდემპინგური კანონი დანერგოს, რადგან ეს ევროპული სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია. მაგრამ მისი აღსრულება მაღალ ნდობაზეა დაფუძნებული. ამიტომ კონკურენციის სააგენტო მოცემულ ეტაპზე სწორედ იმ სისტემის გამართვაზე მუშაობს, რაც ნდობას განაპირობებს. ბუნებრივია, კონკურენციის სააგენტო მზადაა, იყოს ამ პოლიტიკის თანამონაწილე, მაგრამ მას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რომ მოემზადოს როგორც ტექნიკური ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით, რომ მომავალი პოლიტიკა სრულფასოვანი იყოს. სწორედ ამას ემსახურება კანონპროექტის ამოქმედების განწილვადება“, – განაცხადა კალანდაძემ.

ცნობისთვის, დემპინგი არის პროდუქტის გაყიდვა უცხოეთის ბაზარზე, შიდაბაზრის ფასებთან შედარებით, ბევრად იაფად, ზოგჯერ თვითღირებულებაზე ნაკლებადაც კი. ბიზნესი მას, როგორც წესი, მიმართავს კონკურენტების განდევნის მიზნით.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system