თავში

დეველოპერები ფასების ზრდას აანონსებენ

დეველოპერები ფასების ზრდას აანონსებენ
დეველოპერები ფასების ზრდას აანონსებენ

სამშენებლო მასალების გაძვირება დეველოპერულ ბაზარზე ჯერჯერობით არ ასახულა. როგორც დეველოპერები ამბობენ, ამ პროცესს ეპიდემიამ ხელი შეუშალა, რადგან მთავარი აქცენტი გაყიდვებზე გაკეთდა. თუმცა ცხადია, რომ ასე არ გაგრძელდება და ფასები უახლოეს მომავალში შეიცვლება. საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აღნიშნავს, სამშენებლო მასალების გაძვირების გამო გაზრდილია ხარჯი, რის პარალელურადაც დეველოპერულ ბიზნესს მომავალში ფასების ზრდა მოუწევს.

,,სამშენებლო მასალების პარალელურად მშენებლობის ხარჯი მატულობს. გარკვეული ფასის ცვლილება გარკვეულ პერიოდში ბაზარზე აისახება. უკვე დაკონტრაქტებულ პროექტებზე არ მოქმედებს, მაგრამ უახლოეს თვეებში, როცა ახალ ხელშეკრულებებს გავაფორმებთ, ფასების ზრდა გარკვეული დოზით მოგვიწევს. თანმდევი პროცესია, ყველაფერი ძვირდება და ამის გავლენას ვერც ერთი სფერო ვერ გადაურჩება. უძრავი ქონების ბაზარი მუდმივად მზარდია ფასების მხრივ, თუმცა ბოლო პერიოდში ეს პროცესი პანდემიამ შეაჩერა. ჩვეულებრივი მომენტრია, მთავარია არაბუნებრივად და ნახტომისებრ არ მოხდეს ცვლილება", - ამბობს დეველოპერი.

რაც შეეხება რეალიზაციას, ბესო ორთოიძის თქმით, მეორე კვარტალში გაყიდვები მეტ-ნაკლებად შნარჩუნდა, რასაც იპოთეკური სესხების სუბსიდირებამაც შეუწყო ხელი.

,,ანტიკრიზისული გეგმა ნორმალურად მუშაობს, რამაც გაყიდვებზეც დადებითად იმოქმედა. მეორე კვარტალში ჩვენ რეალიზაციის მაჩვენებელი მეტნაკლებად შევინარჩუნეთ. მართალია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლებაა, მაგრამ სტაბილურობაა, რაც ბაზრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაში იპოთეკური სესხების სუბსიდია ძალიან დაგვეხმარა", - ამბობს ორთოიძე report.ge-თან. 

შეგახსენებთ, რომ საქსტატის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით სამშენებლო მასალები 6.8 %-ით გაძვირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები აჩვენებს, რომ მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system