თავში

დეველოპერები მთავრობას სესხების სუბსიდირების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

დეველოპერები მთავრობას სესხების სუბსიდირების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ
დეველოპერები მთავრობას სესხების სუბსიდირების გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

დეველოპერების  შეფასებით, 2020 წელს უძრავი ქონების ბაზარი კრიზისისგან სესხების სუბსიდირების პროგრამამ დაიცვა. შესაბამისად, 2021 წელს, რადგან ეპიდემიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, სესხების სუბსიდირების პროგრამას სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები კვლას მაშველი რგოლის ფუნქციას აკისრებენ და მთავრობას მოუწოდებენ, რომ პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში, როგორც ,,არსის" დირექტორი ბესო ორთოიძე report.ge-თან განმარტავს, სამშენებლო ბიზნესს არსებულ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, კრიზისში აღმოჩნდეს.

,,იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შედეგი იმაზე კარგია, ვიდრე მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო. დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯა სესხების სუბსიდიაზე და 8000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, როცა პროგნოზი 6000-მდე ადამიანზე კეთდებოდა. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი შედეგია მიღწეული და ეს პოზიტივი როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. კმაყოფილია ყველა - მთავრობაც, კერძო სექტორიც  და მოსახლეობაც, რადგან ძალიან კარგი შედეგი დაიდო როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე ეკონომიკაშიც. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სესხების სუბსიდიის პროგრამა 2021 წელსაც გვჭირდება. პანდემია არ გადასულა, პირიქით, უფრო გამძაფრდა, შეიძლება, ვიღაცა covid-19-თან თანაცხოვრებას სწავლობს, ხალხი ეპიდემიურ მდგომარეობას შეეჩვია, მაგრამ უნდა შევხედოთ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას და დასკვნები ამის მიხედვით გამოვიტანოთ", - ამბობს ორთოიძე.

მისი შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარი არის ერთ-ერთი პირველი დარგი, რომელმაც გარკვეული სტაბილურობა, ტრანზაქციები შეინარჩუნა და ეს სწორედ იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ განაპირობა. 

,,ვფიქრობ, რისკის გაწევა არ ღირს, რადგან შეიძლება სახელმწიფოს მერე ხუთმაგი დაუჯდეს. დაუმთავრებელი შენობები დიდი რისკია ეკონომიკისთვის, ამას ახლავს სოციალური პრობლემა და სხვა. შესაბამისად, ჩვენ, დარგში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ პროგრამა უნდა გაგრძელდეს, რადგან იგი აცოცხლებს ეკონომიკას, ასტიმულირებს მოთხოვნას და ხელს უწყობს, რომ ფასები რადიკალურად არ დავარდეს", - დასძენს ორთოიძე. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისს ინფორმაციით, იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, რომელიც 2020 წელს დასრულდა, სულ 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 827 მილიონი ლარი იყო.

კობა გვენეტაძის შეფასებით, ამ პროგრამამ გასულ წელს ბაზარი გამოაცოვხლა და იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მისივე თქმით, სუბსიდირების შეწყვეტა იმოქმედებს აქტივობაზე, თუმცა, ჯამში არასუბსიდირებული ბინების გაყიდვის დინამიკა, გვენეტაძის აზრით, იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრ რყევებს არ უნდა ველოდოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system