თავში

დღეს თბილისში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი გაიმართება

დღეს თბილისში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი გაიმართება
დღეს თბილისში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი გაიმართება

სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელი გაიმართება.

პანელს - „ახალი რეალობა - მდგრადი ტურიზმის განვითარების ერა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და UNWTO-ს გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნიან.

პანელის ფარგლებში პრეზენტაციას, სახელწოდებით „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციებისა და პოლიტიკის მიმოხილვა“ გავლენიანი გამოცემა The Financial Times-ის რედაქტორის მოადგილე ჯაკობო დეტონი გამართავს.

ასევე, გაიმართება სესია „ახალი ტენდენციები პოსტ-კოვიდის პირობებში საქართველოში“, რომლის თავმჯდომარე USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი იქნება. სესიაში მონაწილეობას მიიღებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, „აჭარა გრუპ ჰოლდინგის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ჩეხერია და „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მმართველი დირექტორი ირაკლი კილაურიძე.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „მასტერ კარდ ევროპას“ შორის კი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

საბჭომ გუშინდელ სხდომაზე „თბილისის დეკლარაცია,“ შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო ტურიზმის განვითარებას მომავალი თვეების განმავლობაში.

შეგგახსენებთ, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გუშინ დაიწყო. საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

ცნობისთვის, საქართველოში UNWTO - ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system