თავში

დიდ ჯიხაიშში აგრარულ კოლეჯს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დიდ ჯიხაიშში აგრარულ კოლეჯს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დიდ ჯიხაიშში აგრარულ კოლეჯს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ აგრარულ კოლეჯს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ამის შესახებ report.ge-ს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები.

"განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროექტად ითვლება დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ამ სფეროში დასავლეთ საქართველოს წამყვანი პროექტია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები," - განუცხადეს report.ge-ს სამტრედიის მერიაში. 

ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ამ დრომდე სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95 წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა.

დაწესებულება 2016 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს.

report.ge ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში წერდა, რომ დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი სტუდენტების ახალ ნაკადს ამორტიზებულ შენობაში მიიღებდა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პროფესიული კოლეჯის ამორტიზებული შენობის რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.

კოლეჯის დირექტორი ნუგზარ მიქაძე ამბობს, რომ 2014 წლიდან დღემდე კოლეჯი დაამთავრა 500- მდე სტუდენტმა, რომელთაგან დასაქმებულია 62%-მდე სტუდენტი. წელს აკრედიტაცია გაიარა ოთხმა მოდულურმა პროგრამამ ( საბუღალტრო აღრიცხვა, მეფუტკრეობა, მევენახეობა, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა) და სასწავლებელი 60 სტუდენტს მიიღებს.

როგორ ხედავენ დასაქმების პრობლემას დიდი ჯიხაიშის კოლეჯში, გაიგეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system