თავში

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი სტუდენტების ახალ ნაკადს ამორტიზებულ შენობაში მიიღებს

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი
დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი სტუდენტების ახალ ნაკადს ამორტიზებულ შენობაში მიიღებს

რეალობაში, სადაც ქვეყანას პროფესიული სასწავლებლების ხელშეწყობა პრიორიტეტად აქვს აღიარებული, დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის შენობა, წლებია, უმძიმეს მდგომარეობაშია. მისი რეაბილიტაცია ვერა და ვერ მოხერხდა.

Repots.ge შეეცადა კოლეჯის დირექტორისგან გაეგო, როგორ ახერხებს სასწავლებელი სწავლის სრულფასოვან განხორციელებას და როგორ პასუხობენ წლების მანძილზე მის თხოვნას შენობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. 

სასწავლებლის დირექტორს, ნუგზარ მიქაძეს, იმედი აქვს, რომ სარემონტო სამუშაოებისთვის თანხას სახელმწიფო 2020 წელს მაინც გამოყოფს.

"გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ მოთხოვნა საქართველოში რეაბილიტირებულ სასწავლებლებზე საკმაოდ მაღალია. მართალია, ჩვენი სასწავლებელი ჯერჯერობით რეაბილიტირებული არ არის, თუმცა არც ისე შორს არის ამ პროცესის დაწყება, რომელშიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი, არჩილ ფრანგიშვილი, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკულ მხარესთან ერთად. ამის თქმის უფლებას გვაძლევს სულ ახლახან საპარლამენტო სხდომაზე განათლების მინისტრის, ბატონი, მიხეილ ბატიაშვილის, პასუხი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი, გრიგოლ მიქელაძის, მიერ დასმულ კითხვაზე სტუ-ს დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით," - აცხადებს ნუგზარ მიქაძე.

ცნობისთვის, 2014 წლიდან დღემდე კოლეჯი დაამთავრა 500- მდე სტუდენტმა, რომელთაგან დასაქმებულია 62%-მდე სტუდენტი. წელს აკრედიტაცია გაიარა ოთხმა მოდულურმა პროგრამამ ( საბუღალტრო აღრიცხვა, მეფუტკრეობა, მევენახეობა, ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა) და სასწავლებელი 60 სტუდენტს მიიღებს. 

"ჯერჯერობით განაცხადთა რეგისტრაცია არ დაწყებულა, თუმცა კომუნიკაცია სწავლის მსურველებთან დამაკმაყოფილებელია და ვვარაუდობთ რომ კონკურსიც კი იქნება," - გვეუბნება მიქაძე.

კითხვაზე, ახერხებს თუ არა კოლეჯი შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრი გამოუშვას, ნუგზარ მიქაძე გვპასუხობს, რომ სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. მისი თქმით, აკრედიტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სასწავლებელი სთავაზობს პროგრამების მოთხოვნათა შესაბამისად შერჩეულ პრაქტიკის ობიექტებს, გამოცდილ, პროფესიონალ პედაგოგიურ კადრებს, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებისათვის. გარდა ამისა, კოლეჯის ადმინისტრაცია ცდილობს, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართოს პოტენციური დამსაქმებლები.

"დიდი მნიშვნელობა აქვს თავად დამსაქმებელთა აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში, კერძოდ, საკუთარი კადრების მომზადების, საწარმოს სტუდენტებისათვის პრაქტიკის ობიექტად შეთავაზებასა და შესაბამისად პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის კუთხით, ასევე მჭიდრო კონტაქტით სასწავლებელთან, კურსდამთავრებულებთან შეხვედრის კუთხით. სწორედ ასეთი ჩართულობის მაგალითია ის, რომ ჩვენ სტუდენტთა პრაქტიკული სწავლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების მიღების მიზნით ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული მეფუტკრეობაში შპს „სკა“-სთან, მევენახეობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრთან და შპს მეღვინეობა „ხარებასთან“, რომელთა წამყვანი სპეციალისტები ადგილზე უხელმძღვანელებენ პრაქტიკულ სწავლებას და თავად შეარჩევენ წარმატებულ სტუდენტებს დასასაქმებლად," - აღნიშნა ნუგზარ მიქაძემ Report.ge-სთან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system