თავში

დირკ ბუშლე ნამახვანიჰესის საქმეს პირადად შეისწავლის

დირკ ბუშლე ნამახვანიჰესის საქმეს პირადად შეისწავლის
დირკ ბუშლე ნამახვანიჰესის საქმეს პირადად შეისწავლის

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორი დირკ ბუშლე ნამახვანთან დაკავშირებულ დისკუსიას პირადად შეისწავლის. საქმე ისაა, რომ  ნამახვანიჰესზე მედიაციაში ევროკავშირი ერთვება.  ეკონომიკის მინისტრი განმარტავს რას ნიშნავს ეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელისგან, დირკ ბუშლესგან დღეს მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ პირადად ჩაერთვება ნამახვანიჰესის ირგვლივ არსებული პროცესების მედიაციაში -სამთავრობო სტრუქტურებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დირკ ბუშლესთან ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციის პროექტში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვის საკითხზე შეთანხმდნენ.

„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ნამახვანიჰესის პროექტის მედიაციაში ჩართვა ნიშნავს, რომ აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს უშუალო კომუნიკაცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ნამახვანის პროექტზე გარკვეული კითხვები აქვთ. შედეგად, მოხდება მთლიანად გარემოსდაცვითი პროცესის და სხვა დაკავშირებული პროცედურების რევიზია, მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსია და შეთანხმება. დარწმუნებულები ვართ, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობა არის ის მთავარი პლატფორმა, რაზეც აშენდება ნდობა არა მხოლოდ ნამახვანის პროექტის, არამედ ზოგადად, ქართული ენერგეტიკის ირგვლივ“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოსა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მქონე სხვა ქვეყნებს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ეხმარება.

"ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ კომპეტენტური მოსაზრება ნეიტრალური და მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან,“ - ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დირკ ბუშლეს თანხმობას მედიაციაში ჩართვაზე.  ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიემართა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებისთვის, ჩართულიყო მედიაციის პროცესში საზოგადოებასთან. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს საზოგადოების ძალიან მაღალი ინტერესი ნამახვანის პროექტის გარშემო. მათ შორის, არსებობს გარემოს დაცვითი შეფასების კუთხით კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროცედურა იყო ზედმიწევნით დაცული, მნიშვნელოვანია რომ კომუნიკაციის პროცესი წარიმართოს საერთაშორისო მედიაციით, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან,“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

ცნობისთვის, დირკ ბუშლეს თანხმობას წინ უძღოდა ერთობლივი წერილი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელს დირკ ბუშლეს გაუგზავნეს და ნამახვანიჰესის პროექტის პროცესში ჩართვა და მხარეებთან მედიაცია სთხოვეს.

ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 5 თვეა გააქტიურდა. რიონის ხეობაში პერმანენტული აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები ნამახვანიჰესის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ, პოლიცია კი ამის ნებას მათ არ აძლევს. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე, მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ანუ, კომპანიასთან შეთანხმებით პროექტის განხორციელება შეჩერებულია უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, თუმცა კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საგზაო სამუშაოებს აგრძელებს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს.

მთავრობის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ნამახვანიჰესზე გადის. მათივე მტკიცებით, ქვეყანას მცირე ჰესებთან ერთად, კაშხლიანი და წყალსაცავიანი ჰიდროსადგურებიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება, რადგან ქვეყანა არაა მდიდარი ნავთობითა და გაზით. ის სიმდიდრე, რაც საქართველოშია წყალია და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება. მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველომ წლების წინ გააკეთა ისტორიული არჩევანი და ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი გახდა.

ნამახვანჰესის მშენებლობას პრემიერ-მინისტრიც განმარტავს. ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ნამახვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია პანდემიის დროს შექმნილი კრიზისის პირობებში 840 მილიონ დოლარიან ინვესტიციას ახორციელებს, რისი შეფერხებაც არაგონივრული და გაუმართლებელია.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ნამახვანიჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა შეჩერდა. ამ ჰესის კასკადის პროექტი ქართველმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ, ჩაიბარა. მანამდე მინისტრები პარლამენტში „რაჭა-ლეჩხუმში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“ 10 135 მოქალაქის პეტიციის განხილვის ფარგლებში მივიდნენ და ანგარიში წარადგინეს. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კიდევ უფრო მანამდე კი, 5 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. მათ ცაგერის მოსახლეობას ჰესის მშენებლი კომპანიისთვის, "ენკასთვის," მიწის გადაცემის საკითხები განუმარტეს, ისაუბრეს, რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო, ადგილობრივებს ნამახვანიჰესის უსაფრთხოების დეტალებიც გააცნეს, მოსახლეობის წინაშე მინისტრებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მთავრობა "ენკას" ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას მოსთხოვს. მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრისას, მინისტრები დარწმუდნენ რიონის ხეობის მცველთა პროტესტის გულწრფელობაში და გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი მსჯელობით გამოინახოს გზა, რომელიც წაადგებამ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს. მთავრობა ჰესის უსაფრთხოებაში დარწმუნებულია.

ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system