თავში

დიზელის საწვავზე ევრო5-ის სტანდარტის ვალდებულება 1 წლით გადაიწევს

დიზელის საწვავზე ევრო5-ის სტანდარტის ვალდებულება 1 წლით გადაიწევს
დიზელის საწვავზე ევრო5-ის სტანდარტის ვალდებულება 1 წლით გადაიწევს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, დიზელის ევრო 5 სტანდარტის დაწესების შესახებ კანონი კიდევ 1 წლით გადავადდება, რაზეც მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა report.ge-ს აცნობა, მისთვის ცნობილია, რომ მთავრობა დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტის დაწესების ვალდებულებას, მინიმუმ, 1 წლით გადაავადებს. მთვრალაშვილის ინფორმაციით, მთავრობამ  აზერბაიჯანული მხარის, ასევე ქართველი იმპორტიორების პოზიცია გაითვალისწინა და საკითხი საბოლოოდ ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყდა, რაც ეპიდემიურ სიტუაციაში ლოგიკური გადაწყვეტილებაა.

,,გადაწყდა, რომ დიზელზე მოქმედი, ევრო4-ის სტანდარტი 1 წლით კიდევ გახანგძლივდეს. მთავრობის წარმომადგენელთა პოზიცია ჩემთვის ცნობილია და ვიცი, რომ დეტალები მთავრობის უახლოეს სხდომაზე გასაჯაროვდება. ჯერჯერობით მთავრობას ეს დადგენილება ოფიციალურად არ მიუღია, მაგრად ცვლილებისთვის მზადაა, ყველა ვარიანტში ახალ სტანდარტზე გადასვლა 1 წლით გახანგძლივდება. არ გამოვრიცხავ, მეტითაც, რაც გამოიწვევს იმას, რომ  საქართველოში დიზელის ექსპორტიორები ამ ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. რა თქმა უნდა, სტანდარტი უნდა გაუმჯობესდეს, მაგრამ არსებულ სიტუაციაში გამორიცხულია, დღეს ამ საკითხს ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს, როცა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებია ქვეყანაში ეპიდემიის გამო. მომხმარებელს დიზელის საწვავის სახით შედარებით იაფი პროდუქტი ექნება (მინიმუმ, 15-თეთრიანი სხვაობით), გარდა ამისა, აზერბაიჯანი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, კვლავ იქნება წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, როგორც  დიზელის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი, ეს რეალობა არ შეიცვლება", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი. 

ცნობისთვის, დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება ერთხელ უკვე გადავადდა. ის 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, ჯერ კიდევ ოქტომბერში გაირკვა, რომ მიმდინარე წელს ვერ მოესწრო აზერბაიჯანში ახალი სისტემის დანერგვა, რადგან ქვეყანაში პანდემიაა და ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების ვადამ გადაიწია 2021 წლის ბოლომდე. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რომ აზერბაიჯანიდან დიზელის იმპორტს საფრთხე არ დაემუქროს. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ოქტომბერშივე აცხადებდა, რომ თუკი 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system