თავში

დიზელზე ევრო-5 სტანდარტი შეიძლება კიდევ გადავადდეს

დიზელზე ევრო-5 სტანდარტი შეიძლება კიდევ გადავადდეს
დიზელზე ევრო-5 სტანდარტი შეიძლება კიდევ გადავადდეს

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ხორციელდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი.

„აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მიმდინარე წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხორციელდებოდა არსებული ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაირაღება, რის შემდეგაც მათ უნდა ეწარმოებინათ ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი. ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების გადაიარაღება უნდა დასრულებულიყო 2020 წლის ბოლომდე. თუმცა COVID-19 ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, რომელიც განსაკუთრებული სიმძაფრით მიმდინარეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, შეაფერხა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების პროცესი და მისი დასრულების ვადა გადაიწია 2021 წლის ბოლოსთვის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ისევ ხდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი გაუმჯობესებული დიზელის საწვავის წარმოება," - განმარტავს ნავთობიმპორტიორთა კავშირი.

მათივე განმარტებით, თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს ახორციელებენ იმპორტს, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდება, იქნება აზერბაიჯანის რესპუბლიკა.

"რაც შეეხება აზერბაიჯანული საწვავის მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე, განპირობებულია იმით, რომ ის არის 10-15 თეთრით იაფი და ასევე, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი მომავალ წელსაც საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი. ამავდროულად, მეტად მნიშვნელოვანია შედარებით იაფი დიზელის საწვავის არსებობა ქვეყანაში, ვინაიდან დიზელის საწვავი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა“, - განმარტავენ ბიზნესგაერთიანებაში.

ცნობისთვის, დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება ერთხელ უკვე გადავადდა.  ის 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.  რეგულაციის გადავადება ბიზნესგაერთიანებებმა მაშინაც აზერბაიჯანული დიზელის შეზღუდვის პრევენციის მიზნით მოითხოვეს. 

შეგახსენებთ, საქართველოში აზერბაიჯანიდან საწვავი, ძირითადად, "სოკარს" შემოაქვს. ის  ფერმერებს დიზელს შეღავათიან ფასში აწვდის. კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. "სოკარი" ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება. "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერებისთვის სპეციალური წესები მოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, აგროდიზელზე ფერმერებმა 4,3 მლნ ლარამდე დაზოგეს.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

მიმდინარე წლის 9 თვეში განხორციელებული დიზელის იმპორტის 38%-ი აზერბაიჯანულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system