თავში

ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალების უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი გვაქვს

ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალების უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი გვაქვს
ეკატერინე ტიკარაძე: ჰოსპიტალების უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი გვაქვს

“მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით, ჰოსპიტალების უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი. მაშინ როდესაც საწოლ-ფონდი აღმოსავლეთ [ევროპის] ქვეყნების მაჩვენებლის ფარგლებშია", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში - ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში კი, მათი დეფიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების ლიცენზირების წესების გამკაცრებაზეც საუბრობს.

"პრობლემა აისახება, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის ხარისხზე, ასევე ღირებულებაზე. აღნიშნული გარემოება ამავდროულად ქმნის ექიმთა ფარდობით დეფიციტს და დღეს სამედიცინო კადრების ძირითადი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. გარდა ამისა, არათანაბარია ექიმთა დატვირთვა, რაც აისახება მათ პროდუქტიულობაზე და რისკს უქმნის პაციენტის უსაფრთხოებას. ამ პრობლემატიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის საფუძველი იქნება ხარისხიანი მომსახურების მოწოდება, დაწესებულების სიმძლავრე და პერსონალის ეფექტური გადანაწილება. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ განახლდა ნებართვებისა და სალიცენზიო პირობები კარდიოქირურგიის, გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის სერვისებზე. მეტი სანდოობისა და ხარისხის გარანტირებისთვის დამატებით მოთხოვნად განისაზღვრა საერთაშორისო სერტიფიცირება. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მომსახურების მიწოდების უწყვეტობისთვის სახელმწიფო იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ დარგების მხარდასაჭერად, რომელშიც სამედიცინო კადრების დეფიციტია. სახელმწიფო სრულად დააფინანსებს იმ რეზიდენტების სწავლის საფასურს, რომლებიც აღნიშნულ სფეროში გადაწყვეტენ სწავლის გაგრძელებას. გარდა ამისა, ჩვენ ხელს შევუწყობთ საუნივერსიტეტო კლინიკების გაძლიერებას. წახალისებული იქნება ყველა ის რეზიდენტი, რომელიც სწავლის პროცესში წარმატებულ შეფასებას გვაჩვენებს და მათთვის სახელმწიფო შექმნის საზღვარგარეთ, დარგის წამყვან კლინიკებში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას, რაც იქნება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანურ კაპიტალში უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია", - ამბობს მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system