თავში

ეკონომიკა ისევ მინუსისკენ იხრება

ეკონომიკა ისევ მინუსისკენ იხრება
ეკონომიკა ისევ მინუსისკენ იხრება

მკაცრი შეზღუდვების გავლენა საქართველოს ეკონომიკას დიდ პრობლემას უქმნის. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირველი კვარტალი კლებას დააფიქსირებს. არასამთავრობო სექტორის პროგნოზით, 3,5%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა ეკონომისტების ნაწილი არ გამორიცხავს, ეკონომიკა პირველ კვარტალში მეტი მაჩვენებლითაც შემცირდეს. ამის შესახებ report.ge-თან ანალიტიკოსი გივი მომცელიძე საუბრობს.

,,ჩემი აზრით, თებერვლიდან შედარებით დაიძვრება ეკონომიკა, შეზღუდვების რაღაც ნაწილი, ალბათ, კიდევ მოიხსნება. ამით მაღალი მაჩვენებლით ეკონომიკურ ვარდნას ავიცილებთ, თუმცა ზრდა გამორიცხულია. მთავარია, დიდი ვარდნა არ მივიღოთ. ცოტა რთულია, რომ 3,5%-იან კლებაზეც გავჩერდეთ,მე პირადად მეტ მაჩვენებელს ველოდები. ამიტომ ინფიცირების დონის გათვალისწინებით, ეკონომიკის გახსნის ეტაპი უნდა დაჩქარდეს, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბარ-რესტორნებზე ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი, ამ დროს დარგი კოლოსალურ დანაკარგს განიცდის როგორც შემოსავლების, ასევე სამუშაო ადგილების მიხედვით. შეიძლება, მეორე კვარტალში მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მაგრამ წლის პირველი კვარტალი ნამდვილად კრიზისული იქნება. ტურიზმი პრობლემურ სფეროდ რჩება, მაგრამ მომსახურების სხვა დარგებიც ღრმა კრიზისში არიან. ფაქტობრივად ყველაფერი ტურიზმზეა მიბმული, ჯაჭვური რეაქციაა, რაშიც თითქმის მთელი ბიზნესი აღმოჩნდა", - ამბობს მომცელიძე.

ანალიტიკოსის ვარაუდით, ეკონომიკის შემცირება კიდევ გაზრდის უმუშევრობას, სიღარიბეს და საბიუჯეტო დეფიციტს, რის გამოც პრობლემა უფრო გაღრმავდება. ხოლო თუ შეზღუდვები მეტხანს გაგრძელდება, უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ.

გივი მომცელიძის განცხადებით, მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას დროული ქმედითი ნაბიჯები, პირველ რიგში, მოიხსნას შეზღუდვები, რაც ეკონომიკას გამოაცოცხლებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ISET-მა საქართველოსთვის მშპ-ს წამყვანი ინდიკატორის პროგნოზი გამოაქვეყნა. ორგანიზაცია 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას მინუს 3.5%-ზე ელის, რაც წინა პროგნოზზე 1,9%-ული პუნქტით დაბალია.

ორგანიზაციის განმარტებით, ფულის მასასთან დაკავშირებულმა ცვლადებმა მცირე უარყოფითი წვლილი შეიტანეს 2020 წლის ბოლო კვარტალში მშპ-ს რეალურ ზრდაში და უმნიშვნელო პოზიტიური წვლილი 2021 წლის პირველი კვარტლის მშპ-ს რეალურ ზრდაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system