თავში

კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა ვირტუალურ რეალობაში გადაეწყოს

ეკონომიკა შესაძლოა ვირტუალურ რეალობაში გადაეწყოს
კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა ვირტუალურ რეალობაში გადაეწყოს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა ვირტუალურ სამყაროში გადავიდეს ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი შესამცირებლად.

ჭიაბერაშვილის რეკომენდაციით, მთვარობა აზრიანად უნდა მოეკიდოს მწირ რესურსებს. სჯობს, მოკლე, მარტივ ვიდეო-კლიპებზე და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე დახარჯოს თანხა, ვიდრე "კუდში სდიოს" პრობლემას. ჭიაბერაშვილის მტკიცებით, ჯანდაცვის სისტემა გადატვირთვას ვერ გაუძლებს. 

"თვეზე მეტია ვამბობ: ეპიდემიის შეკავება დიდწილად დამოკიდებული იქნება ადამინების სოციალური ქცევის შეცვლაზე. თვითიზოლაცია, როდესაც უსიმპტომო ადამიანებიც კი ვერიდებით ზედმეტ კონტაქტს სახლს გარეთ, გახდება ცხოვრების ნორმა. კორონავირუსის სიკვდილიანობა კი დაბალია, მაგრამ რადგან მისი ფართოდ გავრცელების საშიშროება არსებობს (მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები პანდემიასაც კი პროგნოზირებენ), გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება დიდ რიცხვებზე გავიდეს. ამიტომ კორონავირუსი ცვლის სამყაროს. მსოფლიო ეკონომიკის დიდი ნაწილი ვირტუალურ რეალობაში გადაეწყობა, რათა ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტი შემცირდეს. არ მოგვწონს, მაგრამ მომავალი აქეთ მიდის. ეკონომიკური ზიანი - განსაკუთრებით მომსახურების სექტორში - იქნება მნიშვნელოვანი," -  წერს ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტების ონლაინგანხილვისა და ასევე ონლაინკენჭისრის ინიციატივით გამოვიდა.

რაც შეეხება რესურსების ხარჯვას, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანდაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოიყო.

კონკრეტულად, რა ღონისძიებებში იხარჯება გამოყოფილი 1 მილიონი ლარი, ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ. უწყების პრესსამსახურმა მინისტრის სახელზე ოფიციალური განაცხადის დაწერა მოგვთხოვა და "შემოსავლების სამსახურთან" გადაგვამისამართა, რომელმაც ასევე მოგვთხოვა ოფიციალური განცხადება. ორივე უწყებისგან REPORT.GE მონაცემების მოწოდებას 10 დღის ვადაში ელოდება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების კვალდაკვალ იზრდება სამედიცინო რეკლამების წილი გლობალურ მარკეტინგში.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის ბოლო მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში სამედიცინო რეკლამას 351 საათი დაეთმო. ეს არის ამ პერიოდში სამედიცინო რეკლამაზე ჯამურად დათმობილი დრო პრესაში, რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტში.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში 30 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 043 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 60 500-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 53 700-ზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევები დღეისათვის მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსმა მსოფლიოში 3385 ადამიანი იმსხვერპლა. აღრიცხულია ინფიცირების 98 400-ზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 55 600-ს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system