თავში

ეკონომიკის რომელ სექტორებში დაფიქსირდა კლება

ეკონომიკის რომელ სექტორებში დაფიქსირდა კლება
ეკონომიკის რომელ სექტორებში დაფიქსირდა კლება

"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 5.2% შეადგინა. ამის შესახებ "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. წინასწარი შეფასებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.2%–ით გაიზარდა, 9 თვის საშუალო მაჩვენებელი კი 5%–ია. 

სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში შედარებით მაღალი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიცაა: ტრანსპორტი, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ასევე დამამუშავებელი დარგები.

"საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის, ასევე კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების გაწევის სექტორებში. 

"4 000 ერთეულითაა შემცირებული ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა, კლებამ 1.4%-ი შეადგინა. ბოლო პერიოდის განმავლობაში გრძელდება მეტალურგიის შემცირების ტენდენცია, რაც საგარეო ვაჭრობის მონაცემებითაც დასტურდება – დაახლოებით 13%-ით არის შემცირებული ფერო სილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში შემცირება განაპირობა აზარტული და ფულზე თამაშებთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებამ, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის 9 თვეში საქონლის ექსპორტი 11.1%-ით გაიზარდა და დაახლოებით 2.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, ეს შემცირებულია 3.3%-ით და 6.5 მლრდ დოლარის ფარგლებშია.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system