თავში

ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა
ეკონომიკური დანაშაულის რაოდენობა გაიზარდა

საქსტატმა 2020 წლის ივლისში სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 1 933 პირზე დაიწყო (2019 წლის ივლისთან შედარებით ზრდა 9.3 %), მათ შორის 34 არასრულწლოვანი იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ივლისში სამართლებრივი დევნის პროცედურა სულ 46 პირზე დაიწყო. მათ შორის 30 პირს ბრალად ედება მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ფარგლებში, 13 პირს ედება ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, ხოლო 3 მოქალაქეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) ედავებიან.

გასული წლის ივლისში სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 37 შემთხვევაზე დაიწყო სამართლებრივი დევნა, რაც მიმდინარე წლის ივლისის მონაცემზე 24%-ით ნაკლებია.

საქსტატს სისხლის სამართლის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა, სასამართლო სისტემა და პენიტენციური სამსახური აწვდის.

ცნობისთვის, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირითა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში მოხვდა.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. ასევე, 10 საუკეთესო ქვეყანას შორის დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან (სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.

მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევა ყურადღებას ამახვილებს ბიზნესგარემოს მრავალ ასპექტზე, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორისა და შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. საწარმოთა კვლევა ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. კვლევის მიზანია, ბიზნესგარემოს შეფასება. აღნიშნული კვლევა საქართველოში ბოლოს 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოიკითხნენ 581 კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები.საწარმოთა კვლევას (ES) ატარებს მსოფლიო ბანკის ჯგუფი პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID). კვლევა ფარავს მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ რეგიონსა და ასეულობით ათას მცირე, საშუალო და დიდ კერძო კომპანიას.კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში - 10%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%-ია.საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევები მხოლოდ 1-1.4%-ს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში 9% - 15%-ს აღწევს, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში 10% -19%-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system