თავში

ეკონომიკური წინსვლა შობადობის ზრდის წინაპირობაა

ეკონომიკური წინსვლა შობადობის ზრდის წინაპირობაა
ეკონომიკური წინსვლა შობადობის ზრდის წინაპირობაა

წელს შობადობის რაოდენობა სიკვდილიანობის მაჩვენებელზე 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23 %-ით გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცის სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის საქართველო, შობადობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ლიდერ ქვეყნებს შორის არ არის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, წლების განმავლობაში ახალშობილთა რაოდენობა მუდმივად და საგრძნობლად უსწრებს გარდაცვლილთა რიცხვს.

„კერძოდ, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიბადა 36 138 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა სხვადასხვა ასაკის 34 691 მოქალაქე. შესაბამისად, წელს შობადობა გარდაცვალებასთან შედარებით 4%-ით მეტია, ხოლო ბოლო 3 თვის მონაცემებით (1 ივლისიდან 1 ოქტომბრამდე), შობადობამ სიკვდილიანობის რაოდენობას 23 %-ით გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სიკვდილიანობამ დაბადების მაჩვენებელს გადააჭარბა"- ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომისტები და ფინანსისტები პირდაპირ კავშირს ხედავენ მოსახლეობის დემოგრაფიულ და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის. მათი აზრით, ეკონომიკური წინსვლა შობადობას ზრდის და პირიქით. 

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე report.ge-ს უხსნის, რომ მოსახლეობის რაოდენობა პერმანენტულად იკლებს ეკონომიკური კრიზისის კვალდაკვალ.

"წელს შობადობის 4%-იანი ზრდა იმდენად მინიმალურია, რომ ეს დამშვიდების მიზეზს ვერ იძლევა. ქვეყანაში მოქალაქეები შვილებს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო არ ან ვერ აჩენენ. ასე თუ გაგრძელდა 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და თუ ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, წლევანდელი დემოგრაფიული ზრდა ვერ გვიშველის. ერთადერთი გზა შობადობის გასაზრდელად არის ის, რომ გაიზარდოს დასაქმება, გაიზარდოს საშუალო ხელფასი და სამომსხმარებლო კალათა საარსებო მინიმუმთან ერთად. ეკონომიკური ზრდა აუცილებლად უნდა აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე, წინაარმდეგ შემთხვევაში შობადობა ყოველთვის დაბალ ნიშნულზე იქნება," - გვითხრა ეკონომიკის ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ.

დემოგრაფი ანზორ თოდაძე გვეუბნება, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, 2017 წელს გადააჭარბა სიკვდილიანობას შობადობამ. მიზეზი, დემოგრაფის განმარტებით, გახლდათ  1990-2000-იანი წლების მიგრაციის მაღალი დონე, შობადობის შემცირება, აბორტებისა და განქორწინებების ზრდა. მისივე თქმით, ამ პრობლემათა ნუსხა დღესაც მზიმე ტვირთად აწევს საქართველოს მოსახლეობას და აფერხებს მის დემოგრაფიულ განვითრებას.

"საქართველოს ისტორიაში პირველად 2017 წელს სიკვდილიანობამ შობადობას გადააჭარბა, ასეთი რამ ადრე არ მომხდარა, დაბადებულთა რაოდენობა გარდაცვლილზე ყოველთვის მეტი იყო. ჩვენ რაც არ უნდა წავახალისოთ წყვილები და ოჯახები, მომავალ წლებში მაინც შემცირდება შობადობა, ამას ვეღარ შევაკავებთ, ახლა ჩვენი მიზანია, შემცირება დიდი არ იყოს და რამდენიმე წლის შემდეგ ისევ დაიწყოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა. იზრდება განქორწინების სტატისტიკა. მაგალითად, ბოლო წლის თბილისის მონაცემებით, ყოველ მეორე ქორწინებაზე მოდის ერთი განქორწინება, მაშინ როდესაც 80-იან წლებში სოფლად ყოველ 49 ქორწინებაზე მოდიოდა 1 განქორწინება, ხოლო ქალაქად ყოველ 6 ქორწინებაზე 1 განქორწინება, განქორწინება კი მოგეხსენებათ, შობადობის რაოდენობას ამცირებს. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს დემოგრაფიული გაუმჯობესების პროგრამა. თუ არაფერი ვიღონეთ, დაახლოებით 25 წელიწადში საქართველო ქართველებისგან დაცარიელდება. უკვე დაცარილებულია რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი. ძალიან მცირდება იმერეთის რეგიონში მოსახლეობის რაოდენობა. დღეს ქვეყანა მძიმე დემოგრაფიული ვითარების წინაშე დგას და თუ ერმა ამას ყურადღება არ მიაქცია, მოხდება მოსახლეობის ფიზიკური წყვეტა, რომელსაც მერე არაფერი ეშველება," - გვითხრა ანზორ თოდაძემ.

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე Report.ge - ს უხსნის, რომ  ეკონომიკური მდგომარეობა პირდაპირ განაპირობებს შობადობის კლებას ან მატებას.იმის გამო,  რომ მოსახლეობას ოჯახების სარჩენად ქვეყნის დატობვება უწევთრეპროდუქციული ასაკის ხალხი, მამაკაცები, ქალები და ახალგაზრდები გადიან ქვეყნიდან. ჩიბურდანიძე ამბობს, რომ მათ დაბრუნებას უნდა ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი, აქ უნდა შეიქმნას მათთვის სამუშაო ადგილები.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system