თავში

ეკონომიკური ზრდის მთავარი კონტრიბუტორი მშენებლობა, მრეწველობა და ვაჭრობაა

ეკონომიკური ზრდის მთავარი კონტრიბუტორი მშენებლობა, მრეწველობა და ვაჭრობაა
ეკონომიკური ზრდის მთავარი კონტრიბუტორი მშენებლობა, მრეწველობა და ვაჭრობაა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1პროცენტს გაუტოლდა.

"ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი საგარეო ვაჭრობის მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესებაა.2019 წლის ივლისში ექსპორტი გაიზარდა 17.5%-ით, სავაჭრო დეფიციტი 83.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, 2019 წლის ივნისში სავალუტო ფონდმა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში არსებული პროგრამის მეოთხე მიმოხილვა გამოაქვეყნა, სადაც ფონდი აქცენტს აკეთებს ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან პროგრამის შეუფერხებელ განხორციელებაზე. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სავალუტო ფონდის მხარდაჭერას ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი“

„მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ოპერაციები უძრავი ქონებით და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - ეს ის ძირითადი სექტორებია, სადაც მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც - ივლისში 7.8 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, რაც შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე განცხადებით, 2019 წლის აგვისტოში სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. „ „Fitch“-ის მიერ რეიტინგის უცვლელად დატოვება რეგიონში არსებული მდგომარეობის და გლობალური სავაჭრო დაძაბულობის ფონზე წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. 2019 წლისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების და კერძო სექტორის ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელება, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ივლისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 152 ერთეულს გაუტოლდა და წინა წელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 1.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 7.7% შეადგინა (8.8%-დან 2017 წელს), ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ს 6.2 პროცენტამდე შემცირდა. მთავრობის მიერ საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ინვესტორთა განწყობაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system