თავში

ეკონომიკური ზრდის სარგებელი მოსახლეობის კეთილდღეობამდე ვერ აღწევს

ეკონომიკური ზრდის სარგებელი მოსახლეობის კეთილდღეობამდე ვერ აღწევს

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის მიღმა რჩება. დადებითი სტატისტიკის მიუხედავად, ამ პროცესის ეფექტი საზოგადოებისთვის შეუმჩნეველია.  მიზეზი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, რეალურ სექტორში სამუშაო ადგილების სიმცირე და წარმოების დეფიციტია, რის გამოც სარგებელი მოსახლეობამდე ვერ აღწევს. ოფიციალური სტატისტიკით, აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკა 5,8%-ით გაიზრდა, ხოლო 8 თვეში საშუალო ზრდა - 5%-ია.თუმცა არა მარტო წელს, ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობაზე მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებშიც ნაკლებად მოსალოდნელია. 

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ ორი პროცესის (მშპ-ს ზრდა და მოსახლეობის კეთილდღეობა) თანხვედრა შესაძლებელია დაახლოებით 2020 წლიდან, რაც სამუშაო ადგილების შექმნითა და წარმოების განვითარებით იქნება შესაძლებელი. ჯერჯერობით კი, როცა ხელისუფლების ხელის შემყურეა ლამის მთელი საქართველო და შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს, მოსახლეობის კეთილდღეობა და მდგრადი განვითარება კეთილ სურვილს ჰგავს, რომელსაც ხალხი არჩევნების წინ ისმენს.

ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია ფიქრობს, რომ ეკონომიკური ზრდის გავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

,,ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობა დღეს სხვადასხვა გზით მიდიან. ამიტომაა, რომ მშპ-ს ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს. ეს პროცესები ხალხის შემოსავალზე ასე სწრაფად არ აისახება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. ალბათ დაახლოებით 2020 წლის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური გავლენა. რაც შეიძლება ამ მხრივ მოქმედებდეს და შეიძლება სამუშაო ადგილები შექმნას, სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ საქართველოში ასეთი რეალობა დღესდღეობით არ არის. მარტივი საქმე როდია, როცა სოციალურ შემწეობას ნახევარი მილიონი ადამიანი იღებს. კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ასეთი საჭიროება არ იდგეს ქვეყნისთვის. წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა პოპულიზმი, რითაც ქვეყანა ვერასდროს წავა შორს", - აცხადებს ჯგერენაია.

ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას რეალურ სექტორში არსებულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს ფინანსისტი რამაზ გერლიანი. მისი შეფასებით, ზრდის ტემპი ძალიან დაბალია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ეს საკუთარ ჯიბეზე მოკლე პერიოდში იგრძნონ.

,,საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალურად არაფრის მომცემია. ჩვენი პრობლემაა, რომ არ გვაქვს ინკლუზიური ზრდა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე გავლენა იქონიოს. კონკრეტული კომპანიების წარმატება მასიურად მოქალაქეებზე ვერ აისახება. მცირე ბიზნესი, აგრარული სექტორი განვითარებული არ არის, ხოლო დასაქმებულთა წილი მასიურად ამ სეგმენტებზე მოდის. გასათვალისწინებელია ასევე ინფლაცია, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ცუდ მდგომარეობაში აყენებს", - აცხადებს გერლიანი report.ge-თან საუბრისას.

,,საქსტატის" ინფორმაციით, აგვისტოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ჩამოყალიბებაზე გავლენა მშენებელობის, ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის დარგებში არსებულმა ზრდამ მოახდინა.ამასთანავე, ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ექსპორტის 12.4%-იანმა ზრდამ, ხოლო იმპორტი 6.4%-ით არის შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system