თავში

ექსპერტები ლარის კურსის დასტაბილურებას პროგნოზირებენ

ექსპერტები ლარის კურსის დასტაბილურებას პროგნოზირებენ
ექსპერტები ლარის კურსის დასტაბილურებას პროგნოზირებენ

"ლარის გაუფასურება დიდი არ არის. შესაბამისად, თუ ლარის კურსი ამ ნიშნულის ფარგლებში დასტაბილურდა, ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის დიდ საშიშროებას ვერ ვხედავ," – ასე ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი  ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელიც ლარის კურსის მერყეობას ორ ფაქტორს უკავშირებს. პირველი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია და მეორე - მოლოდინები. ექსპერტი ლარის ბოლოდროინდელ ვარდას მოლოდინებს უკავსირებს. 

"აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკის დაცემის ტემპი შემცირდა. ეს აშკარაა. მაკროეკონომუიკური სურათი, რასაც ვუყურებთ ბოლო თვეების განმავლობაში გაუარესებული არ არის. მაშინ რა ხდება? რა ახდენს ლარის კურსზე ზეწოლას? ეს ჩემი აზრით, არის უარყოფითი მოლოდინები. არჩევნების წინ დაძაბულობა სავალუტო ბაზარზე ყოველთვის შეინიშნება ხოლმე. ხალხი ელოდება არჩევნებს და მის შედეგებს. თავის დაზღვევის მიზნით, ბევრი ადამიანი და კომპანიაც ყიდულობს დოლარებს. ეს ყველა არჩევნებზე ასე ხდებოდა. ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს ხოლმე მეზობლებთან არსებული ვითარება, პირდაპირი გავლენა , შეიძლება, არ ჰქოდნეს ამას მაგრამ, ლირა გაუფასურდა. ბოლო დღეებში იმასაც ვაკვირდებით, რომ ამერიკაში დოლარი გამყარდა, შესაბამისად ლარი გაუფასურდა. ამერიკის ეკონომიკის პროგნოზი დაიდო 2 დღის წინ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკა უფრო ნაკლებად დაეცემა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამან გამოიწვია დოლარის გამყარება. ამ სიტუაციაში, როცა მსოფლიო ტრენდი ისეთია, რომ დოლარი მყარდება, აქ ეს აუცილებლად იწვევს ლარის გაუფასურებას. ვალუტების უმრავლესობა უფასურდება ხოლმე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ბოლო დღეების გაუფასურება არის მოლოდინების შედეგი. ჩემი დაკვირვებით, რაც დაიწყო კოვიდის გამოვლენის ყოველდღიური მაჩვენებლების ზრდა, ბიზნესსაც და ეკონომიკსაც მოლოდინები გაუჩნდა, რომ შეიძლება ეკონომიკას ცუდი სიტუაცია შეექმნას. დაიწყეს დოლარის შესყიდვა. კოვიდის შემთხვევების ზრდასა და ლარის კურსის დაცემას შორის პირდაპირი კორელაცია დავინახე. ვფიქრობ, ბაზარმა უკვე რეაგირება მოახდინა, არ არის გამორიცხული რომ კურსი უახლოეს დღეებში დასტაბილურდეს“, – ამბობს მჭედლიშვილი.

საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ცუცქირიძე კი მიიჩნევსმ რომ ლარის გაუფასურებაზე გავლენა ეპიდვითარების გაუარესებამ მოახდინა, რადგან ეკონომიკის ხელახალი ჩაკეტვის შიში გაჩნდა. მისი აზრით, ერთერთი ფაქტორი წინასაარჩევნო პერიოდიცაა. ექსპერტი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების ყველაზე სავარაუდო სცენარი უარყოფითი მოლოდინები და, ნაწილობრივ, ფისკალური ხარჯების ზრდაა.

„მიუხედავად სავაჭრო ბრუნვის შემცირებისა, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში 2 880, 0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41, 0 პროცენტია და ასევე ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 1.5 %-ით. რაც მთავარია, მიუხედავად ექსპორტის შემცირებისა, კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული იმპორტი, ანუ წმინდა ექსპორტი ბალანსში დადებით დინამიკას ინარჩუნებს. სწორედ წმინდა ექსპორტის დადებითი დინამიკა ზემოქმედებს ასევე პოზიტიურად და არა – ნეგატიურად სავალუტო კურსზე. მეორე, უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო არის ფულადი გზავნილები. 2020 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184, 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.8%-ით მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეს გარემოებაც, განსაკუთრებით – გლობალური კრიზისისას პოზიტიურად უნდა შეფასდეს. რაც შეერხება უცხოური ვალუტის გამომუშავების კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს, საერთაშორისო ტურიზმს – მისი ეფექტი ძალზე მცირეა, რადგან უცხოური ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ამ სექტორის გაჩერების გამო, ფაქტობრივად, ნულამდეა დასული. სამაგიეროდ, მისი კონპენსაცია, გარკვეულწილად, საერთაშორისო დახმარებებმა დააბალანსა. კიდევ ერთი ფაქტორი არის ფისკალური ხარჯები და მისი ზეგავლენა სავალუტო კურსზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტო-სექტემბერში მთავრობამ განახორციელა სხვადასხვა სოციალური დახმარების პაკეტები, მათ შორის, 17 წლამდე პირებზე ერთჯერადი, 200 -ლარიანი დახმარების სახით, მოსალოდნელია, რომ ლარზე დაწოლა გაზრდილიყო. რასაც ემატება პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო ხარჯების, მათ შორის, რეკლამებზე გაწეული ხარჯები, რაც ზრდის სარეზეროვო ფულსა და მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასას”, – განმარტავს ცუცქირიძე და ყურადღებას ამახვილებს, რომ ლარმა რყევა და გაუფასურების აღმავალი ტრენდი მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა. ექსპერტი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის შესაძლო სცენარი ეკონომიკის მორიგ „ლოქდაუნს“ უდრის. ასეთ დროს კი, ბიზნესი იწყებს რისკების დაზღვევასა და სადოლარე ანგარიშებზე თანხების გადატანას. ასევე იქცევა მოსახლეობის ნაწილი და იმარაგებს უცხოური ვალუტას იმისდა მიუხედვადა, აქვს თუ არა ამის საჭიროება. ასე იქმნება ლარზე დაწოლა.

ცუცქირიძის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ.

„არ მგონია, რომ კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი. პირველი დღეების აჟიოტაჟის ტრენდი გადავლილია და უარყოფითი მოლოდინების ეფექტიც უკვე ასახულია გაცვლით კურსში. შესაბამისად, უკვე ლარის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ. შესაბამისად, არც ფასების რაიმე კატასტროფული ზრდაა მოსალოდნელი, რასაც ცალკეული, ძირითადად, ოპოზიციის მხარდამჭერი მედიასაშუალებები გვამცნობენ”, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

გუშინ ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა. წელს ჯამში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა 460 მილიონი დოლარი მიაწოდა შიდასავალუტო ბაზარს.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.2641 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.8226 ლარად არის შესაძლებელი.

ამ მომენტისთვის(15:00 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2856 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system