თავში

ექსპერტები მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ

ექსპერტები მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ
ექსპერტები მთავრობას ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას ურჩევენ

პანდემიამ ეკონომიკური პარამეტრები თავდაყირა დააყენა. ექსპერტები ერთადერთ გამოსავალს ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლაში ხედავენ. როგორც ფინანსისტმა ზვიად ხორგუაშვილმა report.ge-თან აღნიშნა, საეჭვოა, 2021 წელს ეკონომიკა 4,3%-იან მაჩვენებელზეც გაჩერდეს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალია რეგულაციების შეცვლა, საუკეთესო შემთხვევაში გაუქმება და ისეთი ზომების მიღება, რომელიც მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. 

,,ცოტა ხნის წინ გვარწმუნებდნენ, რომ 5%-იანი ეკონომიკურინ ზრდა იქნებოდა. ჩვენ ვამბობდით, რომ შეუძლებელი იყო და მართლაც 4,3%-ზე ჩამოვიდა. ისიც არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ეს მაჩვენებელი. ფაქტია, რომ საბიუჯეტო შემოსავლები ვერ იქნება ისეთი, როგორიც დაგეგმილია. ხარჯიც უცვლელი რჩება, რაც გაზრდილ დეფიციტს ნიშნავს, შესაბამისად, მთავრობას მოუწევს, რომ მომავალ წელს კიდევ აიღოს სესხი იმ დამატებით ვალთან ერთად, რომელიც აქამდე აიღო და უახლოეს პერიოდშიც იღებს. ეკონომიკაში ახლა სრული ქაოსია, მივდივართ ფსკერისკენ ყველა ეკონომიკური პარამეტრით - იქნება ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა. ერთი კონკრეტული რეცეპტი ამას ვერ უშველის, კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო, ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა, რომელიც უნდა გამოიხატებოდეს, რეგულაციები მოიხსნაში, გამოცხადებული ლოკდაუნის ვადა შემცირდეს ან გაუქმდეს, მოქალაქეებს ჰქონდეთ მუშაობის საშუალება, მაქსიმალურად შემცირდეს ყველა ბარიერი, მათ შორის, რაც საფინანსო სექტორს კორონაპანდემიამდე დაუწესეს, ამავე დროს მაქსიმალურად შეიკვეცოს სამთავრობო ხარჯი, რათა ბიუჯეტი მკვეთრ დეფიციტში არ გავიდეს. მართალია, მთავრობა გვპირდება, რომ ,,ქამრების შემოჭერის" გზას დაადგება და ხარჯს შეამცირებს, მაგრამ ასე არ ხდება და ვერც ვალის ზრდის ტემპი მცირდება", - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი. 

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებულ პარამეტრებზე ეკონომიკური შოკების გავლენა დიდია.

სახელმწიფო აუდიტორების განმარტებით, 2020 წელს მომხდარმა კორონავირუსის (COVID 19) პანდემიამ სრულიად შეცვალა როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენცია. აღნიშნულის შედეგად, სსიპ - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში 12.3%-ით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system