თავში

ექსპერტი: ლარიზაციაზე არჩევნების გავლენა იგრძნობა

ექსპერტი: ლარიზაციაზე არჩევნების გავლენა იგრძნობა
ექსპერტი: ლარიზაციაზე არჩევნების გავლენა იგრძნობა

ლარიზაციის კოეფიციენტის ზრდას სპეციალისტები პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. საბანკო სფეროს ექსპერტი, ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი report.ge-თან აცხადებს, რომ ფინანსურ ბაზარზე მიმდინარე ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი მოვლენაა, რასაც ეკონომიკაში არსებული პრობლემაც ემატება, განსაკუთრებით კი იმპორტის კლება, რაც შემოსავლების შემცირებით არის გამოწვეული.

ხომიზურაშვილის შეფასებით, არასტაბილურობისა და გარეგანი რყევების ზემოქმედების ხარისხი ეკონომიკაზე მაღალია, რის გამოც ადგილობრივი ვალუტა ნდობას კარგავს და უცხოური ვალუტისადმი მიდრეკილება იზრდება.

,,ლარის მიმართ ინტერესს ავლენენ ძირითადად ის სტრუქტურები, რომლებსაც ხარჯის დაფარვა ეროვნულ ვალუტაშია სჭირდებათ. როგორც წესი,  ლარიზაციის კოეფიციენტი არჩევნების წინ ყოველთვის მატულობს, რადგან ლარზე მოთხოვნა იზრდება. თუმცა ამ პირობებშიც ლარის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, მას ბოლომდე მთავრობაც არ ენდობა, საზოგადოებრივ განწყობაზე რომ არაფერი ვთქვათ. აქედან გამომდინარე, არასახარბიელო დონეზეა დოლარიზაცია და დამოკიდებულია ინვესტიციების ზრდაზე, მაგრამ ეს პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. გასაგები მიზეზის გამო ქვეყანაში ლარის მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია. გარდა ამისა, იმპორტი შემცირდა და მოხმარებაც, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრების ხარისხი გაუარესდა. აქედან გამომდინარე, ლარიზაციის კოეფიციენტზე მეტი ზემოქმედებაა. თუმცა ყველაზე მეტად მაინც  პოლიტიკურ პროცესების, კერძოდ, არჩევნების გავლენა უნდა გამოიყოს, რაც ეკონომიკისთვის პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს. აშკარაა, რომ ფინანსურ ბაზარზე დიდი პრობლემაა, ამიტომ მთავრობის ჩარევაც აუცილებლია, რომ ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს", - განმარტავს ხომიზურაშვილი.

ეროვნული ბანკის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 38.59 პროცენტი შეადგინა. პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით,დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.68 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა1.80 პროცენტული პუნქტით).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system